მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვანები ცალკე სამინისტროს ითხოვენ - იმედია, გახარია გულთან მიიტანს ჩვენს გასაჭირს

5e072139d9d12
BM.GE
28.12.19 19:00
1023
25 დეკემბერს საქართველოში მოღვაწე ხელოვანებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი.“

მარინა ჯანაშია - მსახიობი: „მე დიდი იმედი მაქვს რომ ბატონი გიორგი გახარია ძალიან ახლოს მიიტანს გულთან ჩვენს გასაჭირს. დღეს კულტურის სფეროს მართვაში ბატონი ბადრი მაისურაძის სახით გაჩნდა იმედი. ეს არის პროფესიონალი, ჩახედული კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგში, არის კარგი მენეჯერი და დარწმუნებული ვარ დაუღალავად იშრომებს კულტურის გასავითარებლად.“

ნანა ჯანელიძე - კინორეჟისორი: „კულტურა არის როგორც ოზონის შრე ჟანგბადში. კულტურა თუ არ არის, ნელ ნელა ხდება ჩვენი კვდომა და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით. ჩვენ ყოველ წუთიერად ვქმნით ძალიან მაღალი დონის კულტურას, რომლისაც არ შეგრცხვება ნებისმიერ ფორუმზე. ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და საბჭოთა ტოტალური რეჟიმის დროსაც კი, კულტურა ვერაფერმა ვერ დაჩაგრა“.

ზურაბ გეწაძე - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი:  „კულტურის სსიპ-ები ბევრად ეფექტურად მუშაობდნენ სამინისტროს დამოუკიდებლად ფუნქციონირების რეჟიმში. ახლა ძალიან დიდი ხარვეზებია ადმინისტრირებაში და მიდგომებში. მიაკითხავ იურისტს, რომელიც დაკავებულია სპორტით, მიხვალ ფინანსისტთან, რომელიც დაკავებულია განათლებით და კულტურა არის ბოლო ადგილზე. სამწუხაროდ, ჩვენ, კულტურაში მომუშავე ადამიანებმა ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გავაგებინოთ მთავრობებს, რომ კულტურა არის მნიშვნელოვანი.“

თამრიკო ლორთქიფანიძე - მოზარდამაყურებელთა თეატრის დირექტორი: „კულტურა სხვა სფეროების წარმომადგენლებმა უნდა აღიქვან არა როგორც ცეკვა-თამაში, არამედ უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენი იდენტობა და მომავალი დამოკიდებულია კულტურაზე. აუცილებელია, რომ კულტურა გამოცხადდეს აბსოლუტურ პრიორიტეტად.“

ცნობისთვის: ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობას ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში კულტურის სამინისტროს ისევ ცალკე უწყებად ჩამოყალიბებაზე საუბრები მიმდინარეობდა.