მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელოვნური ინტელექტი ბოროტმოქმედების ხელში მძლავრი იარაღია - სტივ ვოზნიაკი

645f6a80453e4
გიორგი არონია
13.05.23 23:12
1532

ხელოვნური ინტელექტი იმდენად ძლევამოსილი ინსტრუმენტია, რომ ბოროტმოქმედების ხელში, შესაძლოა, ის მძლავრ იარაღად იქცეს, - ასე აფასებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ვოზნიაკი BBC-სთან საუბრისას. მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შემოღება, რომელიც უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს დაარეგულირებს, რადგან ვოზნიაკის თქმით, ამ კომპანიებში სჯერათ, რომ ყველაფერი გაუვათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, რეგულაციის მიმართ სტივ ვოზნიაკი მაინც პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, "უმეტესწილად ფული იმარჯვებს, რაც სამწუხაროა”.

სტივ ვოზნიაკი ერთადერთი ექსპერტი არ არის, რომელიც ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე ღიად საუბრობს. ვოზნიაკთან ერთად, ამ ტექნოლოგიის განვითარებას შიშით უყურებს Tesla-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ილონ მასკი, რომლის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი გაცილებით მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე მანქანები ან რაკეტები და თან, მას “კაცობრიობის განადგურებაც” შეუძლია. ხელოვნურ ინტელექტის საფრთხეებზე საუბრობს ამ ტექნოლოგიის “ნათლიად” წოდებული ჯეფრი ჰინტონიც.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის სწრაფი განვითარების პარალელურად, მიმდინარე წლის აპრილში, ტექნოლოგიურ წრეებში გავრცელდა ღია წერილი, რომლითაც ხელმომწერები ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს მოუწოდებენ, OpenAI-ისა და Microsoft-ის კოლაბორაციით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის, GPT-4-ზე მძლავრი სისტემების განვითარება სულ მცირე ექვსი თვით შეაჩერონ, რადგან, მათი თქმით, მძლავრი AI-სისტემები მხოლოდ მაშინ უნდა განვითარდეს, როცა დავრწმუნდებით, რომ, ერთი მხრივ, მას დადებითი შედეგი ექნება, ხოლო მეორე მხრივ, რისკების კონტროლს შევძლებთ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებმა განვითარება არ შეაჩერეს, ღია წერილის ავტორები და ხელმომწერები სახელმწიფოებს ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ურჩევენ. ამ ღია წერილს, დღემდე, 27 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მათ შორის არიან Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი, ეკონომისტი დარონ აჯემოღლუ და Ripple-ის თანადამფუძნებელი, კრის ლარსენი.

ხელოვნური ინტელექტის რეგულირებასთან დაკავშირებით, მაისის დასაწყისში, შეხვედრა შედგა თეთრ სახლშიც, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Google-ის, Microsoft-ისა და OpenAI-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს შეხვდა. პარალელურად ამისა, The New York Times-ში გამოქვეყნდა აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარის, ლინდა ხანის ოპ-ედი, რომელშიც ის ხელოვნური ინტელექტის რეგულირების აუცილებლობაზე წერს.