მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვეცდებით, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ" - "ვისოლი" კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზრის მოკვლევაზე

62fe511c45427
მარიამ დემეტრაშვილი
18.08.22 20:00
2219
კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ბაზარზე მოკვლევის დაწყებას კომპანია „ვისოლი“ მიესალმება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ BMG-ის უთხრა, „ვისოლი“ სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის მზად არის. ხორავას განცხადებით, კომპანიის საფასო პოლიტიკა გამჭვირვალე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია.

„ჩვენთვის არახალია მსგავსი ტიპის შემოწმება. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანოს მივცეთ ყველანაირი ინფორმაცია, რათა ბაზარზე არსებულ ტრენდს ნათელი მოეფინოს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის ქცევა, რომელსაც კომპანია „ვისოლი“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებს, კანონმდებლობასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია. ჩვენი ინტერესია დაბალი ფასი და მეტი მომხმარებელი, ვიდრე მაღალი ფასი და ნაკლები გაყიდული ლიტრი.

მე ვიცნობ კონკურენციის სააგენტოს მენეჯმენტს, დარწმუნებული ვარ მათ კომპეტენციაში. ბუნებრივია, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ ამ სტრუქტურაშიც და სხვაგანაც. როდესაც საკუთარ თავს იმართლებ და საუბრობ, რომ მე ვარ მართალი და გამჭვირვალე, სუბიექტურად ჟღერს ხოლმე. ამიტომ სასურველია, როდესაც შენს ქცევას ასევე ადასტურებს ნეიტრალური ორგანო. ჩვენ პრაქტიკაში გვქონია, რომ კონკურენციის სააგენტოს ნეგატიურიც უთქვამს და პოზიტიურიც. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძალიან სწორად და გეგმაზომიერად ვაკეთებთ საფასო პოლიტიკას, ვფიქრობთ, რომ საბუთებში ზუსტი აღქმები იქნება გადატანილი და სააგენტოს არ ექნება დამატებითი კითხვები“, - განაცხადა ვასილ ხორავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის მიზანია საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან.