მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიდურელი: ვერ დავეთანხმები, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი არაეფექტიანად მუშაობს

60db5d4d22128
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.21 23:20
658
ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოშის” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა BMG Online-ის ეთერში სააგენტოს მიერ დაგეგმილი ახალი პროექტების და უკვე მიმდინარე პროგრამების ათვისების შესახებ ისაუბრა. ხიდურელი აღნიშნავს, რომ მისი შეფასებით წარმატებულად უნდა ჩაითვალოს “საკრედიტო-საგარანტიო” მექანიზმის შედეგები, რადგანაც ამ პროგრამით 2020-2021 წლებში უკვე 223 პროექტი დაფინანსდა.

“2020 წელს, როდესაც ჩვენ ვიყავით ძალიან არასტანდარტულ რეჟიმში და იყო პანდემიური ვითარება, 151 ახალი პროექტი დაფინანსდა ამ პროექტით. 131 მილიონი ლარის სესხზე არის გარანტირებული 116 მილიონი ლარი და სააგენტოს მიერ გადასარიცხი თანხა 41 მილიონი ლარია. 2021 წელს კი 72 პროექტი არის უკვე დაფინანსებული. ჯამში 63 მილიონი ლარის სესხი არის გარანტირებული. 2020-2021 წლებში ჯამში 223 პროექტია, საიდანაც 195 მილიონი ლარის სესხი აიღეს ამ პროექტზე კომპანიებმა და აქედან 61 მილიონი ლარი არის სააგენტოს გადასარიცხი თანხა. სექტორების მიხედვით აქ ლიდერობს კვების წარმოება. 64 პროექტი არის დაფინანსებული. ასევე დაფინანსებულია რესტორნები, სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი კულტურების მოყვანა, თევზჭერა.

ვერ დავეთანხმებოდი, რომ საკრედიტო-საგარანტიო სისტემა ეფექტიანად არ მუშაობს. მაგალითს მოგიყვანთ კვების ინდუსტრიიდან, რომ დავინახოთ რამდენად ეფექტურად აითვისა კერძო სექტორმა ეს პროგრამა. თქვენ იცით, რომ კვების ინდუსტრიაზე ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა სოფლის განვითარების სააგენტოსთან. ისინი აფინანსებენ საწარმოებს სესხის თანადაფინანსების სუბსიდიით. ამავდროულად იმავე საწარმოს და იმავე სესხს ჩვენ ვაფინანსებთ საკრედიტო საგარანტიო სქემით და 90%-იანი უზრუნველყოფით - ეს ხდება პარალელურად. ამიტომაც ტოპ ინდუსტრიებს შორის აქ კვების მრეწველობა ლიდერობს. ეს ნიშნავს, რომ კერძო სექტორი ამ პროგრამას ხედავს და მას ძალიან კარგად იყენებს. ამასთანავე, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც კომპანიებს სესხით მიღებული თანხით საბრუნავი საშუალებების დაფინანსების შესაძლებლობას აძლევს.

ბანკის და კერძო სექტორის პერსპექტივიდან რომ აიღო, ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროდუქტი. ბანკის მხარეს რომ აიღო და კერძო სექტორის აღქმის კუთხითაც რომ აიღოთ, ხდება სესხის გარანტირება. სქემა რომ ავხსნათ, მეწარმე როდესაც იღებს სესხს და მას სჭირდება უზრუნველყოფა, სააგენტო მას სთავაზობს სახელმწიფო უზრუნველყოფას, რომელიც მის ანგარიშზე დეპოზიტზე იდება და ეს ბანკს აძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამად გადადგას ბანკმა ნაბიჯი, არ მოსთხოვოს ძალიან დიდი უზრუნველყოფა თავად მეწარმეს და ეს ქმნის შანსს, რომ მეწარმემ აიღოს სესხი,”- ამბობს მიხეილ ხიდურელი.

2021 წლის ბიუჯეტით, საკრედიტო-საგარანტიო სისტემის დაფინანსება 50 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. უფრო მსხვილი იყო პროექტის ბიუჯეტი 2020 წელს და თავდაპირველ ეტაპზე 330 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ გასულ წელს პროგრამის ფარგლებში ათვისებული საბიუჯეტო რესურსი 50 მილიონი ლარი იყო.