03.დეკემბერი .2021 19:43

ხიშტოვანი საპარტნიორო ფონდზე - საერთოდ სჭირდება ქვეყანას ასეთი განვითარების ფონდი?

ხიშტოვანი საპარტნიორო ფონდზე - საერთოდ სჭირდება ქვეყანას ასეთი განვითარების ფონდი?
views 421
უკან

მთავრობა “საპარტნიორო ფონდის” რეფორმირებას გეგმავს. მას სახელი შეეცვლება და “საქართველოს განვითარების ფონდი” დაერქმევა; შეიცვლება ფონდის დაფინანსების წესიც, რისთვისაც რამდენიმე ალტერნატივა განიხილება.

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ფონდის რეფორმირებას უკავშირდება არის ის, თუ საიდან მიიღებს ის დაფინანსებას. პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის გეგმის მიხედვით, საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში მისი დაფინანსების ცვლილების შეტანა იყო დაგეგმილი და მითითებული იყო, რომ 2022 წლიდან საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა შეიძლება მომხდარიყო.

თუმცა, ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ის არსებული ალტერნატივებიდან ყველაზე მეტად დაფინანსების სწორედ იმ მოდელს არ ეთანხმება, რომელიც ფონდისთვის რეგულარული საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს.

PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი BMG-ის ეუბნება, რომ პირველ რიგში ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს, რა ფუნქციას შეიძენს განახლებული “საპარტნიორო ფონდი”. მეტიც, აცხადებს, რომ რეფორმის შემდეგ ფონდი განვითარების ბანკის ტიპის ორგანიზაციად არ უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც გარკვეულწილად კონკურენციაში საბანკო სექტორთან შევა.

“ჩემი აზრით, რისკია იმის, რომ მივიღოთ კვაზი სახელმწიფო ბანკი, განვითარების ბანკი, რაც სასურველი სცენარი არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უკანასკნელი ათწლეულებია იყო ის გარემოება, რომ საბანკო სექტორი მთლიანად კერძო საკუთრებაში იყო. ვფიქრობ, არასწორი იქნება იმ შესაძლო ახალ ფუნქციებში, რაც რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს ექნება, საბანკო ტიპის ფუნქციები დაემატოს. არ იქნება სასურველი რომ სხვადასხვა გზებით ახალმა საპარტნიორო თუ განვითარების ფონდმა საბანკო ტიპის საქმიანობის დუბლირება მოახდინოს. ვგულისხმობ იმას, რომ დაიწყოს სესხის ტიპის პროდუქტების მიწოდება კერძო სექტორისთვის. მაგალითად, იგივე კაპიტალში მონაწილეობით გრძელვადიანად კერძო ბიზნესების დაფინანსება. ეს ნაწილობრივ ხდებოდა კიდეც. პირველ რიგში, უნდა შეფასდეს რა წარმატებული პროექტები გვაქვს, რისი გაფართოებაც შესაძლოა ღირდეს, მაგრამ მთავარ რისკს ვხედავ იმაში, რომ სწორი არ მგონია განვითარების ბანკის ტიპის ინსტიტუტი მივიღოთ, რომელიც კერძო საბანკო სექტორის კონკურენტი გახდება”,-აცხადებს ხიშტოვანი.

რაც შეეხება ფონდის დაფინანსების საკითხს, ხიშტოვანი ამბობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება “უცნაური” იქნება, რადგან გაუგებარია რისთვის სჭირდება ქვეყანას მსგავსი ფონდი.

“ის, რომ ამ ინსტიტუტის საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, სწორია, რადგან ბოლო წლებია საერთოდ ბუნდოვანი იყო, რა ფუნქცია აქვს ამ ფონდს. ახლა უბრალოდ გვაქვს განსასაზღვრი არა მარტო ის, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს ფონდი, ვფიქრობ ეს მეორეხარისხოვანია, არამედ რისთვის, რა მიზნების მისაღწევად არსებობს ეს ფონდი? ვიმეორებ, ჩვენ არ გვჭირდება განვითარების სახელმწიფო ბანკი, გვაქვს საკმაოდ ძლიერი საბანკო სექტორი და აუცილებელი არ არის სახელმწიფო ბანკი მისი კონკურენტი გახდეს. აქედან გამომდინარე, მიჭირს ამ ფონდის ფუნქციების  განსაზღვრა; რისთვის გვჭირდება ის და რა მიზნების მიღწევას ემსახურება მისი არსებობა. აქედან გამომდინარე, მისი დაფინანსებაც, განსაკუთარებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უცნაური მგონია. ვერ ვხვდები, საერთოდ სჭირდება ქვეყანას ასეთი განვითარების ფონდი? და რა ფუნქცია ექნება მას”,-აცხადებს ხიშტოვანი.

„საპარტნიორო ფონდი” 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდებოდა: აქტივების მართვა და საინვესტიციო საქმიანობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა