მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხისტი საუბარი, როდესაც კოვიდისგან ბიზნესი დაზიანებულია, არასწორია“ - ივა ჭყონია მაჭავარიანზე

5fdb74ad68e91
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.20 23:20
1096
„ეს შეღავათი პრინციპულად არამიზანშეწონილია" - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავრიანმა, 15 დეკემბერს ჟურნალისტების მიერ ბიზნესის მხრიდან დღგ-ის გადასახადის სტრუქტურის ცვლილების მოთხოვნის შესახებ დასმულ შეკითხვას.

ივანე მაჭავარიანმა განმარტა, რომ დღგ-ს გადავადება არ იგეგმება და რომ „პრინციპული და კონცეპტუალური საკითხი“ ბიზნესთან არაერთგზის არის განხილული. მისივე თქმით, დღგ-ს სტრუქტურის ცვლილებით ჩნდება ხვრელები, რომელიც დროთა განმავლობაში უკონტროლო ხდება.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ჯერ კიდევ ოქტომბერში BM.GE-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ სადისტრიბუციო ბიზნესის ლიკვიდურობის გაზრდისთვის, მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ დღგ პროდუქციის რეალიზაციაზე იქნებოდა მიბმული, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, იმპორტისას დღგ-ს გადახდა 30 დღის შემდეგ მოხდებოდა.

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას დღეს, ივა ჭყონია „ხისტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ დაზარალებული ბიზნესის მიმართ ასეთი მიდგომა არასწორია.

„ფინანასთა მინისტრმა გააგრძელა ის ნეგატიური კურსი, რაც აქამდე იყო. ჩვენ არ ვითხოვდით დღგ-ს შემცირებას, მოხსნას ან გადავადებას. ჩვენ ვითხოვდით დღგ-ს გადასახადის გადახდას პროდუქციის გაყიდვის შემდეგ. ცოტა გასაკვირი იყო ის ტონი, რაც იყო. ხისტი საუბარი, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც კოვიდისგან ყველა ბიზნესი დაზიანებულია და სერიოზული პრობლემები წინაშე არიან, არ არის სწორი. ეს ყოველთვის ნეგატივის მომტანია“, - ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ბიზნეს გაერთიანებებს დღგ-ს გადასახადის გადახდის სტრუქტურის შეცვლის შესახებ არაერთხელ მიუმართავთ ხელისუფლებისთვის, თუმცა ამ საკითხზე კომუნიკაცია სახელმწიფოსთან არ ჰქონიათ.

„დარგს ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. როდესაც ლაპარაკობენ რომ რესტორატორებს შეხვდნენ, ძალიან კარგად ჩანს რესტორატორების პოზიცია - რა მიიღეს, შესაბამისად დასკვნის გაკეთება მარტივია, რომ ჩვენ საერთოდ ვერაფერს მივიღებდით, იმიტომ რომ შეხვედრა არ შემდგარა“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

კითხვაზე - რა ხვრელები შეიძლება ეგულისხმა ივანე მაჭავარიანს, როდესაც დღგ-ს არსებული წესით გადახდის გადაწყვეტილების არგუმენტაციას ახდენდა, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არ იცის, რადგან საქმე სოლიდურ კომპანიებს ეხებათ.

„მე ვერ გეტყვით რა ხვრელები შეიძლება გაჩენილიყო ამ შეღავათების გაწევით. ბიზნესთან კონსულტაციები რომ გაიარონ როგორ და რა შეიძლება იყოს, გაცილებით უფრო გამარტივდებოდა სიტუაცია. მესმის, რომ ახალდარეგისტრირებულ კომპანიაზე საფრთხე მაღალია და ახალმა კომპანიამ შეიძლება თავი შეიკავოს დღგ-ს გადახდისგან, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ კომპანიებზე, რომლებიც წლებია ოპერირებენ და მნიშვნელოვანია, რომ მათ გააგრძელონ ოპერირება. ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ - რა გვჭირდება და სად ვხედავთ გამოსავალს, დანარჩენი სახელმწიფოს ხელშია - მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

კომპანიები მოგებაზე ვერ გადიან. საკვები პროდუქცია უფრო სწრაფად ბრუნვადია, მაგრამ ტანსაცმლის, ავეჯის, ჭურჭლის მაღაზიები დაკეტილია. კომპანიებმა პროდუციის საკმაოდ დიდი მარაგები შეიქმნეს და ახლა ვერ ყიდიან, ამ დროს ამაში წინასწარ მილიონობით ლარის დღგ აქვთ გადახდილი, რაც ბიზნესს ჭედავს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მისი თქმით, დღგ-ს გადავადება კომპანიებს გაუზრდიდა ლიკვიდობას და საბრუნავი საშუალება ექნებოდათ.

„ახლა, როდესაც საბრუნავი საშუალებების სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ და ვსაუბრობთ დაზარალებულ ტურიზმის სექტორზე, ამ სექტორზე პირდაპირ ვართ მიბმულები და ჩვენც დაზარალებულები ვართ, იმიტომ რომ ათობით მილიონი ლარი გვაქვს ამოსაღები, ანუ საბრუნავ კაპიტალში კომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ. საბრუნავი კაპიტალი რომ მოიძიონ, ბანკში უნდა წავიდნენ. ნებისმიერი დამატებული თანხა მიბმულია პროცენტზე, რაც პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება და შესაძლოა პროდუქციაც გააძვიროს“, - განმარტა ჭყონიამ.