მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმაურიანი სხდომა - რას ამბობს "მაგთიკომი" პაკეტის "მარტივი 25" გაუქმებაზე?

5e6a4995313b1
სალომე მეცხვარიშვილი
12.03.20 18:55
2988
კანონიერია თუ არა კომპანია "მაგთიკომის" მხრიდან "მარტივი 25"-ის პაკეტის გაუქმება და შეცვლილი პირობებით მისი შეთავაზება მომხმარებლისთვის? "მაგთიკომმა" უკვე გააფრთხილა აბონენტები, რომ 6 აპრილიდან აღნიშნული პაკეტი ხელმისაწვდომი არ იქნება და მის ნაცვლად 30-ლარიანი პაკეტის შეძენა იქნება შესაძლებელი, სადაც ულიმიტო ზარებთან და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან ერთად, პაკეტს 1 გიგაბაიტის ნაცვლად, 3 გიგაბაიტი ინტერნეტი მოჰყვება. "მაგთიკომის" გადაწყვეტილება განიხილეს დღეს კომუნიკაციების კომისიაში. სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა.

კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა განაცხადა, რომ კომპანიის ეს გადაწყვეტილება შინაარსობრივად ნიშნავს პაკეტის გაძვირებას, რისი უფლებაც კომპანიას კომიისიის თანხმობის გარეშე არ ჰქონდა. თუმცა, ბექაურმა ისიც თქვა, რომ საკითხი შესწავლას საჭიროებს და დადასტურებულად ამის თქმას სავარაუდოდ შემდეგ კვირაში შეძლებენ.

კახა ბექაურის თქმითვე, მსგავსი გადაწყვეტილების მიღების დროს, მაგთიკომაა, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, მომხმარებელს სხვა ალტერნატიული პაკეტი უნდა შესთავაზოს. მისი განცხადებით, ასეთია ევროპული პრაქტიკა.

კომისიის სხდომაზე სიტყვა მოითხოვა "მაგთიკომის" წარმომადგენელმა. კომპანიის იურისტმა ლევან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მათი გადაწყვეტილება კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

"გაძვირებას არ აქვს ადგილი. ეს არის კომპანიის პოზიცია. მას სრული თავისუფლება ჰქონდა არსებული რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში, რომ ეს გადაწყვეტილებები მიეღო....

კომპანია საჯაროდაც ახსნის თავის პოზიციას და თითოეულ მომხმარებლამდე მიიტანს თავისი არგუმენტაციით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის მომხმარებელზე ორიენტირებული და ამას დავადასტურებთ ნებისმიერი წარმოების ფარგლებში ნებისმიერ ფორმატში", - განაცხადა ლევან გიორგაძემ.

თუმცა, კახა ბექაურმა "მაგთიკომის" წარმომადგენელს მოსთხოვა, დისკუსიაში არ შესულიყვნენ, რადგან კომისიის გადაწყვეტილება ჯერ სახეზე არ არსებობს. კახა ბექაურმა კომპანიას მოუწოდა საკუთარი არგუმენტაცია კომისიის სხდომის გარეთ, სხვა ფორმატში წარადგინოს.