28.იანვარი .2021 22:00

ხომ არ ხდება ზედმეტი მედიკამენტების გამოწერა? - ფარმაცევტული ასოციაცია კვლევის ჩატარებას ითხოვს

ხომ არ ხდება ზედმეტი მედიკამენტების გამოწერა? - ფარმაცევტული ასოციაცია კვლევის ჩატარებას ითხოვს
views 1455
უკან

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი სახელმწიფოს ფარმაცევტული ბიზნესის კვლევის ჩატარებას სთხოვს. მარგველაშვილი ამბობს, რომ ამის საჭიროება არის, რადგან მოსახლეობა ფიქრობს, რომ მედიკამენტებში დიდ თანხებს იხდის.

მან საკითხზე „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ კვლევის ჩატარების შედეგად დადგინდება, ფარმაცევტული ბიზნესის რომელ სეგმენტში გვაქვს ფასნამატები და როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

გარდა ამისა, ირაკლი მარგველაშვილის თქმით, კვლევებს სხვადასხვა ორგანიზაციები უკვე ატარებენ, თუმცა ეს ყველაზე სრულყოფილად სახელმწიფოს გამოუვა, ვინაიდან მედიკამენტების შემოტანის ფასები კონფიდენციალურია და ეს მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გაიგოს.

გადაცემის წამყვანი მარგველაშვილისგან დაინტერესდა, რამდენად დადებს ადეკვატურ სურათს კვლევა, რომელიც თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტებზე ჯანდაცვის სამინისტრომ წამოიწყო, რაზეც მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს კვლევა მნიშვნელოვანია, თუმცა სრულ სურათს ვერ დადებს.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა ტიპის რეგულაციები უნდა მოიხსნას, რომ მედიკამენტების ფასებზე აისახოს, მარგველაშვილი პასუხობს:

„მედიკამენტები ძვირია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას ადამიანები ყიდულობენ. უნდა შემცირდეს მედიკამენტების მოხმარება, ანუ დანახარჯი და ნაკლები თანხა უნდა დაიხარჯოს მედიკამენტებზე. აქ საუბარია მედიკამენტების ხარჯვის რაციონალურობაზე, რამდენად საჭიროა ის მედიკამენტები, რომელსაც მოსახლეობა შეიძენს.

რამდენად სჭირდება მას ეს? ხომ არ აქვს ადგილი ბევრი მედიკამენტის გამოწერას? საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახება არა მხოლოდ მედიკამენტების ფასებზე, არამედ მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება იმას, თუ რა როლი შეუძლია ითამაშოს სახელმწიფოს ფასთა წარმოქმნაში, აქ საინტერესოა ვიცოდეთ, საერთოდ რა რეალობა გვაქვს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. კვლევის ჩატარება ალბათ საკითხის გადაწყვეტის ლოგიკური დასაწყისი იქნება“.