მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბალი და ფქვილი გაძვირდა - გაძვირდება თუ არა პურ-პროდუქტები?

5f98317e4ff2a
ელენე გოგბერაშვილი
28.10.20 09:00
2073
საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. ამჟამად ერთი ტონა ხორბალი ბირჟებზე $207.2 დოლარი ღირს. წლიურ ჭრილში ფასების მატება 9.7%-ია.

ხორბლის ქართველი იმპორტიორები ამბობენ, რომ ბოლო თვენახევარში საერთაშორისო ბაზარზე ერთ ტონა ხორბალზე ფასი 200-დან 250 დოლარამდე გაიზარდა. ხორბალზე ფასის ზრდის ფონზე გაძვირდა ფქვილიც. მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, ფქვილზე ფასი 2 ლარით გაიზარდა, თუმცა მოლოდინიa, რომ ნოემბერში საერთაშორისო ბაზრის ტრენდი ფქვილის ფასზე მეტად აისახება.

ფქვილზე ფასის ზრდის ფონზე, შესაძლოა, პურიც გაძვირდეს. ფქვილი პურის მთავარი შემადგენელია, თუმცა ლარის გაუფასურების ფონზე გაძვირებული იმპორტირებული ინგრედიენტებიც მწარმოებლებს მძიმე ტვირთად აწვებათ.

"რადგან ფქვილი ძირითადი ნედლეულია, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საბოლოო პროდუქტის ფასზე. თუკი წლის დასაწყისში 48 ლარი იყო პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება, ახლა გვაქვს 52-53 ლარი. ასევე, ჩვენ გვაქვს საკუთარი იმპორტი ჭვავის, ალაოსი და ევროპაშიც ყველაფერზე ფასი მომატებულია. ხარჯებთან არის დაკავშირებული კურსთაშორისi სხვაობა.  რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ  ფასებს, მაქსიმალურად ვცდილობთ არ შევეხოთ, მაგრამ ეს იქნება გარდაუვალი, თუმცა როდის - არ ვიცით. ვცდილობთ, საკუთარი რესურსით დავაბალანსოთ ზარალი“, - აცხადებს "ლიტვური საცხობის" გენერალური დირექტორი თინათინ ხუციშვილი.

რიგი სეგმენტის პროდუქტების გაძვირება უკვე მოუხდათ საკონდიტროების ნაწილს. როგორც "მადარტის" გენერალური დირექტორი ამბობს, ფქვილზე ფასი იმდენად მცირედით დაკორექტირდა, საფასო პოლიტიკაზე ამას ნაკლები გავლენა ჰქონდა, თუმცა თუ ზრდა 10%-ზე მეტი იქნება, ფასების მორიგი ზრდა გარდაუვალია.

„ლარის კურსთან დაკავშირებით 3-4 თვის წინ გადავწყვიტეთ ფასნამატი გაგვეკეთებინა. ფასები 7%-10%-მდე გაიზარდა გარკვეული სეგმენტის პროდუქციაზე. შოკოლადი, კაკაო, კარაქი და სხვა ნედლეული იმპორტირებულია. ფასების მატება 7-10%-მდე უფრო საკონდიტრო მიმართულებით - ტორტებისა და ნამცხვრების მიმართულებით მოხდა. ფქვილის ფასი 3-4%-ით გაიზარდა და ეს არ იძლევა წინაპირობას ფასი გაგვეზარდა ფქვილის გამო. შესაბამისად, ფასი არ მოგვიმატებია. ფასების დაკორექტირება ძირითადად ლარის კურსის გამო მოხდა, ვინაიდან დიდად ვართ დამოკიდებული კურსზე, რადგან ნედლეულის 60% იმპორტირებულია. 10%-ზე მეტად უნდა მოხდეს ფქვილის ფასის გაზრდა, რომ ეს ჩვენს ფასებზე აისახოს“, - აცხადებს დავით ჭრელაშვილი, „მადარტის“ გენერალური დირექტორი.

თუ ერთ ტონა ხორბლის ფასი 250 დოლარზე შენარჩუნდა, მეხორბლეთა ასოციაციის განცხადებით, ეს უკვე კრიტიკული ნიშნული იქნება, როცა მთავრობას პროცესებში ჩართვა და სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება მოუწევს. ამასთან, იმპორტიორები ფქვილზე ფასის ზრდას ნოემბერში კიდევ ელიან. თუ ეს პროგნოზები გამართლდა, მწარმოებლებს სხვა გზა აღარ დარჩებათ და პურ-პროდუქტები, დიდი ალბათობით, გაძვირდება.