მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბალი, სიმინდი, შვრია, სპილენძი, პლატინა - საერთაშორისო ბირჟაზე საქონლის ფასები მცირდება

62c43ac027b33
გიორგი თოლორდავა
05.07.22 17:25
1437
საერთაშორისო ბირჟებზე ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებით საქონლის ფასების დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - უკანასკნელ პერიოდში სიმინდის, ხორბლის, სოიას, ხის მასალის, სპილენძის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც გლობალური ინფლაციური წნეხის შემსუბუქებაზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

აპრილი-მაისის პერიოდთან შედარებით, საშენი მასალების ინდექსი შემცირებულია, კერძოდ, სპილენძის ფასი 22%-ით დაეცა, ხოლო ხის მასალის ღირებულება 31%-ითაა შემცირებული.

სასოფლო-სამეურნეო საქონლის ფასების ცვლილება (5 ივლისის მდგომარეობით):

ხორბალი (-4.30%)
სიმინდი (-1.98%)
შვრია (-2.79%)
ბრინჯი (-1.94%)
სოია (-4.30%)
კაკაო (-0.91%)

ენერგორესურსების ფასების ცვლილება:

ნედლი ნავთობი (-1.51%)
ბუნებრივი აირი (-6.51%)

მეტალების ფასების ცვლილება:

ოქრო (+0.04%)
ვერცხლი (+0.45%)
პლატინა (-2.29%)
პალადიუმი (-1.25%)
სპილენძი (-3.29%)
ალუმინი (+0.82%)

საქონლის ფასების შემცირება რამდენიმე ძირითად ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით რეცესიის განვითარების რისკების ზრდაა.

ინვესტორებსა აქვთ მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკის შენელება, საბოლოო ჯამში, ენერგორესურსებსა და სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს აღნიშნული საქონლის ფასზე.

რაც შეეხება ტრეიდერების შეფასებას, სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში სპეკულატორებმა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული რისკები ზედმეტად შეაფასეს, რამაც მარტ-აპრილში საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორების დასტაბილურებამ და გარკვეულ რესურსებთან მიმართებით ალტერნატიული წყაროების გამოჩენამ, თავის მხრივ, ფასების კორექცია გამოიწვია.

სასოფლო-სამეურნეო რესურსებთან მიმართებით ინვესტორთა მოლოდინებს ისეთი ფაქტორებიც ემატება, როგორიცაა: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი და ახალი სახნავ-სათესი მიწების გაჩენის ფაქტორი. სიმინდისა და სოიოს ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში პროგნოზირებულ ხელსაყრელ ამინდთან, ხოლო ბრინჯის ღირებულების შემცირება - აზიის მასშტაბით საწარმოო შესაძლებლობების ზრდასთან.

ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე გასათვალისწინებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად უკრაინაში მოპოვებული მოსავლის საკითხი რჩება. თუკი რუსეთ-უკრაინას შორის შედგება გარკვეული შეთანხმება და უკრაინა მიიღებს ხორბლისა და მარცვლეულის ექსპორტზე უსაფრთხოდ გატანის შესაძლებლობას, სავარაუდოდ, საერთაშორისო ბირჟაზე აგრიკულტურული საქონლის ღირებულება კიდევ უფრო მეტად შემცირდება.

რაც შეეხება საფონდო ბირჟებს, ბოლო სავაჭრო სესია, რომელიც პარასკევს, პირველ ივლისს შედგა, აღმასვლის ტენდენციით დასრულდა: S&P 500 და Dow Jones-ის ინდექსი თითქმის 1%-ით გაიზარდა; ხოლო Nasdaq-ის ინდექსის ღირებულებამ 0.9%-ით მოიმატა.

როგორი იქნება მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესია, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ბირჟის გახსნამდე არსებული ტენდენცია დაღმასვლისკენაა მიმართული:

S&P 500 (-1.20%)
Dow Jones (-1.28%)
Nasdaq (-1.44%)