მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხოშარაულის ქუჩაზე "ცენტრ-პოინტის" ობიექტი შესაძლოა "ანაგმა" დაასრულოს

5e1de26352e06
დავით ჯალაღონია
14.01.20 20:00
3001
ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე "ცენტრ-პოინტის" დაუსრულებელი ობიექტის მშენებლობა შესაძლოა, „ანაგმა“ გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს კომპანია "ანაგსა" და თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

როგორც "ანაგის" იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილი განმარტავს, გასულ წელს "ანაგსა" და "ცენტრ-პოინტს" შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მშენებლობის განახლებამდე გარკვეული წინაპირობების შესრულებას ითვალისწინებს.

"მაგალითად, ერთ-ერთ მსგავს წინაპირობას წარმოადგენს კომუნიკაციების - დენის, გაზის, წყლის საკითხის მოგვარება. "ანაგი" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მას შემდეგ, რაც ეს გარკვეული წინაპირობები შესრულდება, ჩაერთოს ამ პროცესში. აღნიშნული ობიექტი ხოშარაულის ქუჩაზე მდებარეობს. ჩვენ გვქონდა შესაბამისი კომუნიკაცია მერიასთან და ისევ და ისევ, ამ წინაპირობებზეა დამოკიდებული, როგორ და როდის ჩავერთვებით სამშენებლო სამუშაოებში", - განაცხადა მარიამ დვალიშვილმა.

თავის მხრივ, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, რომ მერია ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე ობიექტის გარდა, "ცენტრ-პოინტის" სხვა დაუსრულებელი მშენებლობების გასაგრძელებლადაც აწარმოებს ინვესტორებთან მოლაპარაკებებს.

"ცენტრ-პოინტის" თემას როცა განვიხილავთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ მთლიან ჭრილში - "ცენტრ-პოინტის" ობიექტები რამდენიმე კატეგორიისგან შედგება. პირველი არის ობიექტები, რომლებიც აშენებულია და აქ ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ - ძალიან ცუდ პირობებში და ასეთია შვიდი ობიექტი. შესაბამისად, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება მენეჯმენტ კომპანია "სიემსისთან". ჩვენი დახმარებით, "ცენტრ-პოინტსა" და ამ მენეჯმენტ კომპანიასთან მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. კომპანიამ უკვე დაიწყო ამ ობიექტების მდგრადობაზე გამოკვლევა, უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ კომისიაზე შემოიტანს საბოლოო პირობებს, რის შემდეგაც დაიწყება პროექტების შეცვლა, რადგან ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ახლა რეალურად იქ და პირველი ეტაპი იქნება ხარჯთაღრიცხვების დამუშავება და პროექტების შეცვლა და ამ ოთხი თვის შემდეგ დავიწყებთ ამ ობიექტების რეაბილიტაციას, გარემონტებას და საცხოვრებელ მდგომარეობაში მოყვანას.

მეორე კატეგორია არის ობიექტები, რომლებიც არ აშენებულა. ასეთია ხუთი ობიექტი, აქედან ორზე, გამოკვეთილია ინვესტორი: ერთია „ანაგი“ და მეორე - „თბილის სახლი“. მათთან გაფორმდა წინასწარი მემორანდუმები და დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ ასევე დაუსრულებელი მშენებლობების კომისიისთვის მოამზადონ იმ გამონაკლისების სია, რომლებსაც ისინი მოითხოვენ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში. დანარჩენ სამ ობიექტეზე ინვესტორი გამოკვეთილი არ არის და შევთანხმდით დაზარალებულებთან, საინიციატივო ჯგუფთან, რომ ამ თვის ბოლომდე, შევიმუშავებთ გარკვეულ კრიტერიუმებს, პირობებს და ამის საფუძველზე ვეცდებით, გამოვავლინოთ ის ინვესტორები, რომლებიც შემდგომში ღია და გამჭვირვალე წესით გააგრძელებენ მუშაობას.

ამიტომ ყოველთვის, როცა „ცენტრ-პოინტის“ პრობლემას განვიხილავთ, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამ საერთო ჭრილში და არა ამოგლეჯილად რომელიმე ობიექტი, იმიტომ რომ რომელიმე ობიექტი ცალკე ვერ შესრულდება, ვერ დასრულდება, ეს იქნება შეუძლებელი და არასამართლიანი“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

რაც შეეხება „ანაგის“ მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე ობიექტთან დაკავშირებით, ილია ელოშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია განაშენიანების რეგულირების გეგმაზე მუშაობს.

„ანაგი“ ახლა ამზადებს საპროექტო გრგ-ს - განვითარების გეგმას და იმ გამონაკლისების სიას, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ განხორციელდეს ეს პროექტი. მოგეხსენებათ, რომ გამონაკლისების გარეშე ამგვარი პროექტების განხორციელება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის შექმნილი საინიციატივო ჯგუფი და კომისია, რომელიც ერთობლივად მუშაობს ამ თემაზე.

გამონაკლისები შეიძლება იყოს კ2 კოეფიციენტის მომატება, არქიტექტურული და ასევე, ფინანსური გამონაკლისები. საგადასახადო შეღავათები შეიძლება შევთავაზოთ მხოლოდ ადგილობრივი მოსაკრებლების ნაწილში, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გარკვეულ გამონაკლისებზე“, - განაცხადა ელოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მერია შესაბამის საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმდა, რომ მიმდინარე წელს კომპანიები სამშენებლო ნებართვების აღებაზე მუშაობას დაიწყებენენ.

„მეორე კვარტალში უკვე უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა სამშენებლო ნებართვების აქტიური მოპოვება და შესაბამისად მშენებლობაც დაიწყება. ვცდილობთ, რომ პარალელურ რეჟიმში, ზიარჭურჭელის პრინციპით ვიმოქმედოთ და ყველა ამ ობიექტზე მეტნაკლებად, ერთდროულად დავიწყოთ სამუშაოები, მინიმუმ თითოეულ დაზარალებულს ჰქონდეს იმის ხედვა, თუ რა სიტუაციაა ობიექტზე“, - აღნიშნა მან.

მერის მოადგილის ცნობით, საერთო ჯამში, „ცენტრ-პოინტის“ ყველა დასასრულებელი ობიექტის ჯამური ფართობი 350 ათასი კვ.მ-ია და მათი მშენებლობის დამთავრება შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაჯდეს.