მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუნდაძე: მსოფლიოში მიღებულია, როცა ზოგიერთი მოქალაქე გადის საზღვრებს გარეთ და იქ ეძებს სამუშაოს

5ddff1a50d386
BM.GE
28.11.19 20:17
3767
პარლამენტმა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობაზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო და ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ აქ არ უნდა დასაქმებულიყო ხალხი და რაც შეიძლება ბევრი უნდა გასულიყო საზღვარგარეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, შრომით მიგრაციასთან და ზოგადად მიგრაციასთან დაკავშირებით საკმაოდ ხშირია სპეკულაციები და "ეს დაუკავშირეს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამსაც, თითქოს ქართული ოცნების ლიდერი მოსახლეობას საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლისკენ მოუწოდებდეს".

„როცა ეს საკითხი არ იყო წესრიგში, ხშირად იყო ტრეფიკინგის საშუალება, ამიტომ აუცილებელია, რომ გარე მიგრაცია, შრომითი მიგრაცია იყოს ლეგალური, კონტროლირებადიც და კანონმდებლობის დონეზეც გამყარებული, რომ დავიცვათ ისევ მოქალაქეების უფლებები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, არც შრომითი მიგრაციაა ნეგატივში წარმოსაჩენი, რადგან ეს არის მსოფლიოში მიღებული, როცა ზოგიერთი მოქალაქე გადის საზღვრებს გარეთ და იქ ეძებს სამუშაოს.

„მიგრაციულ პროცესზე მსურს გავაკეთო განმარტება. ესეც სპეკულაციის საგანი ხდება და გვესმის ჩვენ თითქოს დღეს, ამ ბოლო წლებში უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, ვიდრე ეს იყო აქამდე. სხვათა შორის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მოაქვთ ხოლმე მტკიცებულებად, და ვფიქრობ უპრიანი იქნება ისევ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით შევეცადო გავაკეთო განმარტება, ანუ რასაც გვიპირისპირებენ იმით გპასუხობთ: სწორედ ამ სტატისტიკის მონაცემებით პიკური მაჩვენებელი, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი ტოვებდა ქვეყანას, იყო 2009-2010-2011 წლები, როცა ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რიცხვი იყო ორნიშნა - ანუ 34 ათასი, 30 ათასი, 35 ათასი.

დღეს ეს ციფრი არის ერთნიშნა. ძალიან ხშირად სპეკულირებენ და ეს არის აბსოლუტურად არასწორი - მიგრაციული სურათი დღეს არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ვიდრე ეს იყო აქამდე. ამიტომ შეეშვით სპეკულაციას, თუ თქვენ გაწუხებთ ქვეყნის ბედი, ვისაც ეს ეხება, იმათ გასაგონად ვამბობ, სწორად, ობიექტურად წარმოაჩინეთ სურათი, და არ ეძებოთ მხოლოდ პოლიტიკური სარგებელი, ქვეყანა და მისი მომავალი სწორად დაიგეგმება მაშინ, როცა რეალობას გაუსწორებთ თვალს და არა იმის ძიებას, ვინ როგორ შემოაღწიოს პარლამენტში და როგორ წარმოაჩინოს შენება - ნგრევად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.