მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ კომუნიკაციების კომისია "კავკასუსის" სპეცმმართველის შეცვლაზე იმსჯელებს

6076ed5880edd
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.21 17:26
919
კომუნიკაციების კომისია ხვალ, 15 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე კომპანია კავკასუს ონლაინის სპეციალური მმართველის, მარიამ სულაბერიძის შეცვლის თაობაზე იმსჯელებს - ამის შესახებ კომისიის დღის წესრიგის ჩანაწერიდან ირკვევა. საკითხს სხდომაზე განსახილველად იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბუთბაია წარადგენს. 

"საკითხი 13. შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის ცვლილების შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია - სამართლებრივი დეპარტამენტი)," - ნათქვამია დოკუმენტში. 

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინში” სპეცმმართველი 2020 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დანიშნა, რაც კომპანიამ რამდენიმე საჯარიმო სანქციისა და მიუხედავად, არ შეასრულა მარეგულირებლის გადაწყვეტილება - პირველად მდგომარეობაში დაებრუნებინა კომპანიის გახსვისებული წილები. კომპანიის სპეციალური მმართველია მარიამ სულაბერიძე, რომელიც პარალელურად სახელმწიფო ა(ა)იპ-ის "ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელია. ეს ა(ა)იპ-ი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის განხორციელების პროექტს ასრულებს.

"კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელმა NEQSOL Holding-მა ქართულ სასამართლოსა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში გაასაჩივრა. 2021 წლის პირველ მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც მას უფლებამოსილება შეუჩერდა. თუმცა, ეს განჩინება გაასაჩივრა კომუნიკაციების კომისიამ, რომლის მოთხოვნის შემდეგაც 2021 წლის 7 აპრილს სააპელაციო სასამართლომ მარიამ სულაბერიძეს უფლებამოსილება აღუდგინა, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერში 8 აპრილს აისახა. 

შეგახსენებთ - 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელ კომპანიასა და აზერბაიჯანულ ჰოლდინგ “ნექსოლს” შორის წილების გაყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მოცულობა $61 მილიონ დოლარს შეადგენა და მის ფარგლებში ნექსოლი “კავკასუს ონლაინის” ჯერ 49%-იან, შემდგომ კი 51%-იან წილს იღებდა.

კომუნიკაციების კომისიაში მიიჩნევენ, რომ ეს ტრანზაქცია კანონდარღვევით მოხდა, რადგან კომპანიამ წილების გასხვისებამდე ეს ცვლილება მარეგულირებელს არ შეუთანხმა. ამიტომ კომისია წილების შებრუნებას ითხოვს.

2019 წლის ოქტომბრიდან “კავკასუს ონლაინს” 5 ფულადი ჯარიმა დაეკისრა, მათ შორის სამჯერ 270 ათასი ლარის ოდენობით. ბოლო სხდომაზე კი კომისიამ სპეცმმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება ევალება. აღსანიშნავია, რომ სპეცმმართველს საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები გააჩნია, მას შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, გააბითილოს ბოლო 1 წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებები, შეზღუდოს კომპანიაში დივიდენდის გაცემა და ა.შ.

სანამ კომპანია სპეცმმართველი დაინიშნებოდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამეტმა დაამტკიცა. კერძოდ, 2020 წლის ივლისში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომისიას უფლება მისცა კომუნიკაციების სექტორში მოქმედ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

ეს კანონი პრობლემურად მიაჩნია ვენეციის კომისიას, რომელმაც 2021 წლის 20 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით საქართველოს ამ ახალ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

“კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნა “ნექსოლმა” როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში, ასევე ქართულ სასამართლოშიც გაასაჩივრა.