მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ლევან კობერიძე, კლინიკების მენეჯერები და ექიმები პრესკონფერენციას გამართავენ

5ddd1b1487d2f
თელარა გელანტია
26.11.19 16:50
7726
ხვალ, 11:00 საათზე სასტუმრო რამადა ენკორ თბილისში (ყაზბეგის გამზირი #15) ექიმები, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და დარგობრივი ასოციაციები პრესკონფერენციას გამართავენ.

როგორც bm.ge-ის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა, პრესკონფერენციის ძირითადი თემაა მთავრობის #520 დადგენილება, რომლის ამოქმედება, მიუხედავად 26 სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნისა, ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვით არ გადაავადა და ის ძალაში 21 ნოემბრიდან შევიდა.

„ექიმების, სამედიცინო დაწესებულებების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლების სურვილია, კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მთავრობის 520-ე დადგენილებაზე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული დადგენილება ისე აამოქმედა, რომ ფაქტობრივად, არანაირი კომუნიკაცია და კონსულტაციები სამედიცინო ინდუსტრიასთან არ ჰქონიათ ანუ ექიმებმ კლინიკების ხელმძღვანელებმა სამინისტროს მიერ შემუშავებული, ახალი, გათანაბრებული ტარიფები მხოლოდ დადგენილების ამოქმედების შემდეგ ნახეს. ესაა დარგის მთავარი პრეტენზია. ისინი აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები არის სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლები“, - აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, 20 ნოემბერს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა არ ჰქონია. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე დადებული პირობის მიუხედავად, ამ დრომდე არაა შექმნილი კონკრეტული სამუშაო ჯგუფი.

შეგახსენებთ: 20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს. სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.

სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფაქტორი, არც ის, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილია კომუნალური ტარიფები და ა.შ. ინდუსტრიისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა 520-ე დადგენილებით ტარიფების დამტკიცება; ასევე, მათ კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხის ფართო განხილვა არ მომხდარა; ამიტომ როგორც პრემიერისადმი მიწერილ ღია წერილში იყო აღნიშნული, თუ მთავრობის დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადაიწევს, ამას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უკიდურესად გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის კოლაბირებას.