მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ პრემიერი, სავარაუდოდ, ბიზნესს შეხვდება - საუბრის 2 თემა

5f8d68259077c
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.20 14:27
1284
"თუ არ მეშლება, ხვალ მაქვს შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ BMG-ის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესისთვის დაწესებული სხვადასხვა შეღავათების პერიოდის ამოწურვის შემდეგ მხარდაჭერის შესაძლო გაგრძელებას შეეხებოდა.

"თუ არის უკვე გადაწყვეტილება მიღებული კერძო სექტორისთვის მხარდაჭერის გაგრძელებაზე და კონრეტულად, რა შეღავათები ექნება ბიზნესს, განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის დარგს, რომელიც ბანკებთან შუამდგომლობას ითხოვს", - ჰკითხა bm.ge-მ პრემიერს. 

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე საუბარი ორი - სახელმწიფოს მხარდაჭერის და ბიზნესის პასუხისმგებლობის მიმართულებით წარიმართება.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ხედვა გვაქვს, არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან თუ არ მეშლება, ხვალ მაქვს შეხვედრა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან სწორედ ამ მიზნით, რომ შემდგომი მეორე ტალღის შესაძლო ეკონომიკური ეფექტი ერთად შევაფასოთ და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის დახმარების სხვადასხვა მექანიზმებზე ვისაუბროთ.

ისევე როგორც ვისაუბროთ ბიზნესის პასუხისმგებლობაზე, რომ გაუფრთხილდნენ თავიანთ დასაქმებულებს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დასაქმებულების დიდი რაოდენობა დაინფიცირდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ბიზნესს ყველანაირად გვერდით ვუდგევართ, ისევე როგორც სოციალური თვალსაზრისით, ჩვენს მოქალაქეებსაც ვუდგევართ. ეს არ არის ის დრო, როდესაც ბიზნესი შეძლებს წარმატების მიღწევას ან თავის გადარჩენას მარტო მთავრობის ან მოქალაქეების გარეშე, ეს შეუძლებელია. ეს საერთო გამოწვევაა ყველასთვის და აქ ერთმანეთის იმედზე კი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ, რესურსები შევაფასოთ და ერთად გავაკეთოთ ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.