მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან ახალ ზელანდიაში ყველანაირი შეზღუდვა იხსნება

5ede24e5d88a7
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 17:25
1053
ახალი ზელანდია კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულ თითქმის ყველა შეზღუდვას ხსნის, რადგან პრემიერ-მინისტრ ჯასიდა არდერნის თქმით, ქვეყანაში ვირუსის აქტიური შემთხვევები აღარ ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცლელებს.

ადგილობრივი დროით შუაღამის 12:00 საათიდან, ქვეყანა შეზღუდვების ყველაზე დაბალ, პირველ საფეხურზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალური დისტანცია საჭირო აღარ იქნება. შეზღუდვები მოიხსნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, თუმცა საზღვრები კვლავ ჩაკეტილი რჩება.

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ორ კვირაზე მეტია არ გამოვლენილა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის სიხარულისგან აცეკვდა კიდეც, როცა გაიგო, რომ ქვეყანაში ვირუსის აქტიური შემთხვევები აღარ ფიქსირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა უფრო უსაფრთხო და ძლიერ მდგომარეობაში ვართ, ჯერ კიდევ არ არსებობს მარტივი გზა, რომელიც იმ ვითარებაში დაგვაბრუნებს, სადაც ვირუსის გამოჩენამდე ვიყავით. მართალია, საქმე ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა. მადლობა, ახალო ზელანდიავ“, - განაცხადა არდერნმა.

ახალ ზელანდიაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 25 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანამ შეზღუდვების უმკაცრესი მეოთხე დონე ეპიდემიის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე შემოიღო, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა ჰქონდათ გამოვლენილი. დახურეს კომპანიების უმეტესობა, ასევე, სკოლები. მოსახლეობას აქტიურად მოუწოდებდნენ, სახლში დარჩენილიყვნენ.

მედიის ცნობით, ახალი ზელანდიის მთავრობას შეზღუდვების სრულად გაუქმება 22 ივნისს ჰქონდა განზრახული, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში 17 დღის განმავლობაში ახალი ვირუსული შემთხვევა არ გამოვლენილა, ხელისუფლებამ მათი მოხსნა დროზე ადრე გადაწყვიტა.