მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან Rainbow.design-ის ხელნაკეთი საწვიმრები მაღაზია "ჩაცმაში" გაიყიდება

5e2722b5f2bbb
ნუცა ბაზლიძე
21.01.20 22:00
3107
ხვალიდან მომხმარებელი Rainbow.design-ის ხელნაკეთ საწვიმრებს მაღაზია „ჩაცმაში“ შეხვდება. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ ჩიღუნაძემ აღნიშნა.

„აქამდე პროდუქციას მხოლოდ ონლაინ შეკვეთებით ვყიდდით, მაგრამ ხვალიდან შევდივართ მაღაზია „ჩაცმაში“, რომელიც კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) 22 ნომერში მდებარეობს“, - აღნიშნა Rainbow.design-ის დამფუძნებელმა.

ამასთან, BM.GE -სთან საუბრისას, მარიამ ჩიღუნაძემ განაცხადა, რომ სიახლე იგეგმება და მალე მათ პროდუქციას მამაკაცის საწვიმრები დაემატება.

„ხელნაკეთი საწვიმრები გვაქვს, როგორც დიდების, ისე საბავშვო მოდელები. საბავშვოები გვაქვს როგორც გოგონების, ასევე ბიჭებისთვის განკუთვნილი, ზრდასრულებისათვის განკუთვნილ მოდელებში კი მამაკაცის საწვიმრებს ახლა ვამუშავებთ და მალე ჩვენს საიტზე დაიდება“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

როგორც მარიამ ჩიღუნაძემ განგვიმარტა, კომპანია ბაზარზე უკვე მეორე წელია ოპერირებს, კომპანიაში ინვესტიცია კი პირადი სახსრებით ჩაიდო. წარმოებაში ის დედასთან - ეკა კილაძესთან ერთად არის ჩართული, საბოლოოდ კი საწვიმარი სამკერვალოში იწყობა.

მარიამ ჩიღუნაძის იდეა, გამჭირვალე მასალისგან მოსაცმელები შეექმნა, რომელსაც ხელნაკეთი დეტალებით გააფორმებდა, ბიზნესად მას შემდეგ იქცა, რაც ამ ტექნოლოგიით შექმნილმა მოსაცმელმა, რომელიც კომპანიის დამფუძნებელმა თავად მოირგო, ჰამბურგში ყოფნისას დიდი მოწონება დაიმსახურა. ამის შემდეგ, საქართველოში წარმოების დაწყების საკითხი კომპანიის დამფუძნებელმა უკვე სერიოზულად განიხილა.

„თავდაპირველად აწყობის პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა; დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა იმისთვის, რომ მას ჩვენთვის მოსაწონი, საბოლოო სახე მიეღო. მასალაც ისეთია, რომელიც საქართველოში რთულად მოიპოვება. სამომავლოდ ვაპირებთ, გარკვეული დეტალების შეცვლას, თუმცა საწვიმრები თავის სახეს არ დაკარგავს“, - აღნიშნა მარიამ ჩიღუნაძემ.

ამასთან, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განგვიმარტა, გაზაფხულიდან კომპანია პროდუქციის გამრავალფეროვნებას აპირებს.

„ვაპირებთ ახალი დიზაინის საწვიმრების დამატებას. ასევე, ვფიქრობთ, სამომავლოდ მხოლოდ საწვიმრის კონცეფცია აღარ იქნება“, - აღნიშნა მარიამ ჩიღუნაძემ.

რაც შეეხება პროდუქციის ფასს, მარიამ ჩიღუნაძის განმარტებით, მომხმარებელს საბავშვო, 2-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მოდელები 68 ლარად, ზრდასრულების საწვიმრები კი 135 და 145 ლარად შეუძლია შეიძინოს.

ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, მათი პროდუქცია უცხოელ მომხმარებლებში საკმაოდ მოთხოვნადია. საწვიმრები წარმოდგენილი ყოფილა გერმანიაში, ამ ეტაპზე, ე.წ შოურუმი არის არის კიევში. სამომავლოდ კი, მოლაპარაკებები ლონდონში ექსპორტისთვის მიმდინარეობს.