მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, თბილისის ავტობუსებში მომსახურების წესები იცვლება - კალაძის განცხადება

5e70b27734c87
ინგა მურუსიძე
17.03.20 15:23
3114
ხვალიდან, თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა დროებით შეჩერდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით - მეტროთი და ავტობუსებით შესაძლებელია მოსახლეობის მომსახურება.

„ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან. ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის.

ხვალიდან, ასევე, დროებით შეჩერდება თბილისის სატრანსპორტო სამსახურის კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს არ შეაფერხებს მათ სახელფასო ანაზღაურებას და ყველა ადამიანი უწყვეტად მიიღებს კუთვნილ სახელფასო თანხებს.

თბილისის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურ რეჟიმში მუშაობს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციისთვის, თუმცა ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება, როგორც სახელმწიფოს გამართული მუშაობა, ისე საზოგადოების კონსოლიდაცია, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ქართველებს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ მძიმე მომენტებში შეგვიძლია გაერთიანება და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა. ამ სიტუაციაში კი, რაც ასევე, განსაკუთრებულად მოგვეთხოვება თითოეულ ჩვენგანს, ეს დისციპლინა, თანმიმდევრულობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებააა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს, მოერიდოთ სახალხო თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ქალაქში გადაადგილებას, დაიცვათ რეკომენდაციები და სახელმწიფო, მათ შორის, მუნიციპალური სერვისებით ისარგებლოთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში“, - განაცხადა კალაძემ.