23.ოქტომბერი .2020 17:15

ხვალიდან თბილისში ახალი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებს - რა იცვლება?

ხვალიდან თბილისში ახალი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებს - რა იცვლება?
views 2001
უკან

ხვალიდან,  24 ოქტომბრიდან თბილისში პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება. როგორც დღეს დედაქალაქის მერიის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

პრეზენტაციაზე ვიცე-მერმა თითოეული დერეფნის მარშრუტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მარშრუტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი N301 - პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 332 - ნუცუბიძის IV მ/რ -დან „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 385 - ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6-წუთიანი ინტერვალით.

საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N 334 - წყნეთიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 401 - მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 402 - ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 404 – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით.

საუბნო მარშრუტი N 405 - ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო „დელისის“ მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.

საუბნო მარშრუტი N 447 - აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი.

საუბნო მარშრუტი N 466 - შატბერაშვილის ქუჩიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობის მიზანი მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებაა.

„სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი და მომავალი წლიდან უკვე 18-მეტრიანი ავტობუსები; საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10-მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე - 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები, რომლებიც თბილისის მერიამ ჩვენი მოსახლეობისთვის ახლახან შეიძინა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ვიცე-მერი ირწმუნება, რომ ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. "შესაბამისად, 1 საათში გადასაყვანი მგზავრების ტევადობა 27 000-დან ავიდა 67 800 ერთეულამდე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო", - ამბობს ის.

ხვალიდან, ახალი მარშრუტები ემატება დღეისათვის მოძრავ მარშრუტებსაც, ხოლო ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე; მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს მოქმედებს მიკროავტობუსების ბაზარზე სისტემა, სადაც მძღოლის შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენჯერ გაივლის მარშრუტს. შესაბამისად, ხდება გრაფიკიდან გადაცდომა. ყველას გვისარგებლია მიკროავტობუსით და მგზავრების რაოდენობა ყოველთვის გადაჭარბებულია.მიკროავტობუსებში, რომელიც ახალი სისტემით იმოძრავებს, მძღოლები ფიქსირებულ ხელფასს აიღებენ, ხოლო გრაფიკიდან გადაცდომასა და მგზავრების რაოდენობას გავაკონტროლებთ GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციისთვის: ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; მერიის ცნობით, მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა; ასევე, 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა