მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი დღგ-ების საქმეზე ზარალი 129 მილიონია - რა ეტაპზეა გამოძიება?

60c37c9aece49
შოთა ტყეშელაშვილი
11.06.21 19:46
1062
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, რომ გამოძიების თანახმად, ყალბი დღგ-ის საქმეებზე საქართველოს ბიუჯეტს 128,790,000 ლარის ზარალი მიადგა. ხუციშვილის განმარტებით, ამ დრომდე სამართლებრივ პასუხისგებაში 241 პირი მიეცა, საიდანაც 69 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, 114-ს გირაო აქვს შეფარდებული, 16 კი იძებნება.

ამასთანავე, მინისტრის თქმით, საგამოძიებო ორგანომ ბრალდებულებისგან 26 მილიონი ლარი ამოიღო, 10 მილიონი ლარი კი დააყადაღა.

“მინდა მოგახსენოთ განახლებული ინფორმაცია და დავასახელო ის თანხები, რომელთა იდენტიფიცირება 2 წლის ჭრილში მოხდა. ეს არის 128,790,000 ლარი. ამასთან დაკავშირებით მოხდა მკაცრი რეაგირება, ჯამში აღძრულია 62 სისხლის სამართლის საქმე ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებაზე. პასუხისგებაში მიცემულია 241 პირი, საიდანაც დღეისთვის პატიმრობაშია 69 პირი, ძებნილია 16 პირი და გირაო აქვს შეფარდებული 114 პირს. აღნიშნული თანხებიდან ამ ეტაპზე ბიუჯეტში მობილიზებულია 26 მილიონი ლარი. ბრალდებულების მიერ გირაოს სახით შეტანილია 1.8 მილიონი ლარი, გარდა ამისა 10 მილიონი ლარის ნაღდ ფულზე არის ყადაღა დადებული. გარდა ამისა დაყადაღებულია ბრალდებულების და მათთან კავშირში მყოფი პირების უძრავ მოძრავი ქონება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს და ამ ნაწილში იმედი მაქვს, ამოღებული თანხა გვექნება კიდევ უფრო მაღალი, ვიდრე დღეს გვაქვს.

თანხა ნომინალურად ძალიან დიდია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ დაახლოებით 10-11 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტის შესრულებაზე, ასეთი ტიპის საგადასახადო დანკარგები აქვს ბიუჯეტს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს ძალიან მკაცრი,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურების საქმის შესახებ 2019 წელს გაცხადდა. 2019 წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა გამოავლინეს ფინანსური მაქინაციების სქემა და ბიუჯეტისთვის 100-მილიონიანი ზარალის მიყენება აღკვეთეს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ყალბი ანგარიშფაქტურების შექმნის პროცესში შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.