მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყალბი დღგ-ის საქმე - ოთარ კახიძის კითხვები და მინისტრის მოადგილის პასუხები

5ee768d224f96
ინგა მურუსიძე
15.06.20 16:35
955
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ე.წ. ყალბი დღგ-ის საქმეში ფინანსთა სამინისტროს არცერთი თანამშრომლის ბრალეულობა არ გამოვლენილა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე პარლამენტში, სადაც გიორგი კაკაურიძე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს წარადგენს, დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, რამდენ მილიონი ლარი მოპარეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

„საუბარი იყო 100 მილიონზე, რომელიც გამოიყენეს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება ოთარ კახიძის რეპლიკას იმის შესახებ, თუ რა დრო გავიდა, დაახლოებით, რაც ბიუჯეტს ეს თანხა მოპარეს, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ გასულია, დაახლოებით, ერთი წელი. მისივე თქმით, არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, დაიბრუნა თუ არა სახელმწიფომ აღნიშნული თანხა, მაგრამ იცის, რომ რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

„მე ვარ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მაგრამ არა სამართლის კუთხით. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების ბრალეულობა არ გამოიკვეთა და თუკი ასეთი იქნება, ნებისმიერი თანამშრომელი უნდა იყოს დასჯილი“, - აღნიშნა კაკაურიძემ.

ინფორმაციისთვის: ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურების საქმის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა. 2019 წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ სამართალდამცავებმა გამოავლინეს ფინანსური მაქინაციების სქემა და ბიუჯეტისთვის 100-მილიონიანი ზარალის მიყენება აღკვეთეს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით; თუმცა ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა; პერიოდულად, მსგავსი ბრალდებით საქმის წარმოებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პრეს-რელიზებს დღემდე ავრცელებს.