მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყალბი დღგ-ის“ საქმე: 186 მილიონის ზარალი ბიუჯეტს და სქემაში მონაწილე 200-ზე მეტი კომპანია

5ff2d870bf663
თელარა გელანტია
04.01.21 17:15
11906
„ყალბი დღგ-ის საქმეზე გამოძიება ეფექტიანი იყო“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე bm.ge-ის შესაბამის კითხვას გახმაურებულ საქმეზე. „ყალბი დღგ-ის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ბევრი ადამიანის და კომპანიის მიმართ მიმდინარეობდა. მოხდა მრავალი მათგანის დაპატიმრება, ქონების ამოღება და ა.შ. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ სისტემა მთლიანად მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, მნიშვნელოვნად ამოიქოლა ის ხვრელები, რომელმაც საშუალება მისცა ამ თაღლითობას, რომ შემდგარიყო და ამის დასტურია 2019 წლის საბიუჯეტო შემოსავლები, რომელიც 600 მლნ-ის გადაჭარბებით შესრულდა, რაც შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურების დამსახურებაა და ეს რეკორდული რიცხვია უახლესი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა მინისტრმა.

Bm.ge დაინტერესდა, სულ რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ე.წ. ყალბი დღგ-ის საქმეზე, ასევე, რამდენი მილიონით იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა და ა.შ. - ამიტომ ამ და სხვა კითხვებით წერილობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ.

როგორც უწყების პასუხებიდან ირკვევა, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ყალბი აქტივის შექმნის ფაქტებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა 54 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში აღნიშნული რიცხვი 40 იყო. უწყების ინფორმაციითვე, სამართლებრივ პასუხისგებაში 188 ადამიანი მიეცა და საქმეების ნაწილმა უკვე სასამართლოში გადაინაცვლა.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯამში, დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის გზით ბიუჯეტს, დაახლოებით, 186 მილიონ ლარის ზარალი მიადგა.

„აღნიშნულ საქმეებში, ჯამში, მონაწილეობდა 200-ზე მეტი კომპანია; დანაშაულის ჩადენის პერიოდი, ძირითადად, მოიცავს 2017-2019 წლებს; რაც შეეხება, კომპანიების საქმიანობის სფეროებს, ის სხვადასხვა იყო: საწვავის იმპორტი-რეალიზაცია; კვების პროდუქტების იმპორტი-რეალიზაცია; სამშენებლო ბიზნესი; მომსახურება და ა.შ.“, - ნათქვამია წერილობით პასუხში.

ე.წ. „ყალბი დღგ-ის“ გახმაურებული საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე bm.ge განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.