მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთი საქართველოს საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეულშია - როგორია ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები?

62e00810ccac5
ვიქტორია მღებრიშვილი
26.07.22 21:40
1831
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს სტუმრობს. ყაზახური მედიის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრები ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც მხარეები ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე BM.GE-ი საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის დღეისთვის არსებულ მაჩვენებლებს გთავაზობთ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციის სახით 11 მლნ დოლარი შემოვიდა. 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული ყაზახური ინვესტიცია 1.8 მლნ დოლარს შეადგენდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის 6 თვის მონაცემებით კი, წლის პირველ ნახევარში ყაზახეთს 3.1%-იანი წილით საექსპორტო ქვეყნების ათეულში ბოლო ადგილი დაიკავა. თუმცა სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ქვეყანა რეიტინგში 95.5 მლნ დოლარით 21-ე ადგილს იკავებს. ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის ჯამური მაჩვენებელი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 151%-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი ექსპორტზე მოდის. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ყაზახეთში საქონლის ექსპორტით 79.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 175.8%-ით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-10 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 29.8 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს - 12 მლნ დოლარი;
3. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა - 10.2 მლნ დოლარი;
4. მინერალური და მტკნარი წყლები - 8.6 მლნ დოლარი;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 4.2 მლნ დოლარი;
6. დაგაზიანებული და შაქრის დანამატიანი წყლები - 2.7 მლნ დოლარი;
7. მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - 1.5 მლნ დოლარი;
8. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1.3 მლნ დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1 მლნ დოლარი;
10. ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული - 896 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, საქართველოდან ყაზახეთში სხვადასხვა დასახელების შესაძენად 16.3 მლნ დოლარი გავიდა. შედეგად იმპორტი 74.7%-ით გაიზარდა, თუმცა 2020, 2019, 2018 წლებთან შედარებით შემცირებულია. TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. რტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 4.5 მლნ დოლარი;
2. ოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისგან - 2.1 მლნ დოლარი;
3. ხორბალი და მესლინი - 1.2 მლნ დოლარი;
4. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.1 მლნ დოლარი;
5. საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 749 ათასი დოლარი;
6. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 716 ათასი დოლარი;
7. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 570 ათასი დოლარი;
8. ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - 525 ათასი დოლარი;
9. სატვირთო ავტომობილები - 439 ათასი დოლარი;
10. გაყინული თევზი - 382 ათასი დოლარი;

გარდა ამისა, საქართველოში ყაზახეთიდან მცირე რაოდენობით სპაგეტი, მაკარონი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი, ყალიბები და ბოყვები, მზესუმზირის ზეთი, გრაფიტი და სხვა პროდუქტები შემოვიდა.

ეკონომიკურ კავშირებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მსაზღვრელს ტურიზმის სტატისტიკა წარმოადგენს. ამ მხრივ აღსანიშნია, რომ ტურიზმის ეროვნული სტატისტიკის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 6 თვეში ყაზახეთიდან ყაზახი მოგზაურების მიერ 45 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 193.4%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 36.4%-ით მეტია. (2021 წლის 6 თვე - 15 379 ვიზიტი; 2019 წლის 6 თვე - 33 272 ვიზიტი).