მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყაზახეთიდან 0.5 მლნ ტურისტის შემოყვანა შეგვიძლია” - გიორგი ჯახუტაშვილი

6155c5f9c719b
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.21 09:45
1500

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, 3-4 წელიწადში ყაზახეთიდან საქართველოში წლიურად 0.5 მლნ ტურისტის შემოყვანა შესაძლებელია. ამის შესახებ მან ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც - "ყაზახური ტურისტული ნაკადის მნიშვნელობა და პერსპექტივები საქართველოსთვის" - თემაზე ტურიზმის კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით გაიმართა.

მისი შეფასებით, გასულ წლებში ყაზახეთიდან ტურიზმის მზარდმა დინამიკამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით ტურიზმის ზრდის რესურსი დიდია.

„ყაზახეთიდან ტურისტების შემოდინების გასული წლების დინამიკამ აჩვენა, რომ ყაზახებს ტურიზმის ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანია.

გვჯერა, რომ მინიმუმ 3-4 წელიწადში ყაზახეთიდან ტურიზმში არსებული 2019 წლის შედეგების მინიმუმ გახუთმაგება შეგვიძლია. ამ პერიოდში საქართველოში 110 000 ტურისტი შემოვიდა და რეალისტური გვგონია, რომ ყაზახეთიდან 0.5 მლნ ტურისტის შემოყვანა შეგვიძლია. ვფიქრობ, ეს კარგი სამიზნე ნიშნულია იმისთვის, რომ ამაზე დროის დახარჯვა ღირდეს“, - განაცხადა ჯახუტაშვილმა.

ამასთან, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ტურისტული ბაზრიდან მოგზაურების მოზიდვისთვის საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რისთვისაც გაერთიანების მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა პირველი პლატფორმა იქნება. "ეს შეხვედრაც ამას ემსახურება, რომ დიალოგისკენ მოვუხმოთ ტურიზმის მთლიანი ინდუსტრიის საჯარო და კერძო სექტორის ყურადღება ყაზახეთის ტურიზმის რესურსებზე ვისაუბროთ და შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ", - თქმა მან. 

შეხვედრაზე, ყაზახეთიდან საქართველოში ავიარეისების რაოდენობის ზრდაზეც გამახვილდა ყურადღება და აღინიშნა, რომ დღეისთვის საქართველოში ორი ყაზახური ავიკომპანია Air Astana და დაბალბიუჯეტური Fly Aristan-ი დაფრინავენ, რაც ტურისტული ნაკადების ზრდის რესურსს იძლევა.

ცნობისთვის: თიბისი კაპიტალისა მიმოხილვის მიხედვით, ყაზახეთი საქართველოს ტურისტული ბაზრებს შორის წლების განმავლობაში პირველ ხუთეულში შედიოდა. ამავე კვლევით ირკვევა, რომ 2011-2019 წლებში საქართველოში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 25.9%-ით გაიზარდა.

PMCG-ის ტურიზმის აგვისტოს თვის მიმოხილვის მიხედვით კი, ყაზახეთი და ჩინეთი საქართველოს ტურიზმის სექტორის გაფართოების მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან, მაგრამ მათ ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობათ.