მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყიდის თუ არა "რომპეტროლი" კონკურენტებზე საწვავს იაფად, ქსელში კი ძვირად - კომპანია კონკურენციის სააგენტოს პასუხობს

63071c618f9d2
მარიამ ვარადაშვილი
25.08.22 11:10
4212
გასულ კვირას კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგი მიმდინარე წლის 7 თვეს მოიცავს. სააგენტო საკუთარ ანგარიშში წერს, რომ რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიები საწვავს ერთნაირ ფასად ყიდიან.

ამას გარდა, კონკურენციის ეროვნული სააგენტო, "რომპეტროლზე" [კომპანიის დასახელების გარეშე] წერს, რომ ერთ-ერთი კომპანია რუმინეთიდან საქართველოში შემოტანილ, იაფად ნაყიდ საწვავს საკუთარ ქსელში კონკურენტებზე დაბალ ფასად ყიდის, ბენზინგასამართ სადგურებში კი ძვირად შეძენილი საწვავი გააქვს გასაყიდად.

"რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება საბითუმო გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 30-70 თეთრს",- წერია სააგენტოს ანგარიშში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ამ განცხადებაზე BMG-მ კომპანია "რომპეტროლს" კითხვით მიმართა, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ საცალო რეალიზაციის თვითღირებულება საბითუმოსგან განსხვავდება. მათი განმარტებით, საბითუმო გაყიდვების ნაწილში წინასწარ იღებენ შეკვეთებს იმ დროს არსებულ ფასის მიხედვით, რაც შესაძლოა ფასთა სხვაობის მიზეზი იყოს.

"კომპანია "რომპეტროლ საქართველო" თავის ქსელში ახორციელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაციას, რომელსაც ყიდულობს რუმინეთში მდებარე თავისსავე ნავთობგადამმუშავებელ ქარხანა "პეტრომიდიადან".

კომპანია მარაგდება ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი რუმინული საწვავით, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და შესაბამისად აქვს მაღალი თვითღირებულება. თვითღირებულება განისაზღვრება ქარხნის მიერ კონკრეტულ პერიოდში სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაწესებული საწვავის გასაყიდი ფასით, ეს ფასი ცვალებადია და შესაბამისად ჩვენს მიერ შესყიდული საწვავის თვითღირებულება დამოკიდებულია შესყიდვის პერიოდზე, ისევე როგორც საერთაშორისო კვოტირებებსა და ლოგისტიკურ ხარჯებზე.

საბითუმო ვაჭრობის ფარგლებში "რომპეტროლ საქართველოს" აკავშირებს გრძელვადიანი თანამშრომლობა სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებთან რომლებზედაც საწვავის მიყიდვა ხდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე შეკვეთის დროს არსებული ფასების მიხედვით, ხოლო წინასწარ შეთანხმებული რაოდენობების ათვისება და შესაბამისად განბაჟება გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში კი საწვავის ყოველ ახალ შემოსულ პარტიას აქვს განსხვავებული თვითღირებულება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მაღალი ასევე დაბალი, შესაბამისად საცალო რეალიზაციისთვის განკუთვნილი საწვავის თვითღირებულება შესაძლოა განსხვავდებოდეს საბითუმო ვაჭრობისთვის შესყიდული საწვავის თვითღირებულებისგან", - აცხადებენ კომპანია "რომპეტროლში".