მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

YouTube-ი Netflix-ის მსგავსად ევროკავშირში HD ხარისხით მომსახურებას წყვეტს

5e74cc066d0e8
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.20 18:00
1460
YouTube-მა Netflix-ის მსგავსად, მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირში საკუთარი მომსახურების ხარისხი დროებით შეზღუდოს. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ევროკომისარ ტიერი ბრეტონის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო.

ევროკავშირში თვითიზოლაციის მოთხოვნების დაწესების შემდეგ, ინტერნეტზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მოქალაქეთა შორის ფიზიკური კომუნიკაციის ელექტრონული კომუნიკაციით ჩანაცვლების შედეგად, ინტერნეტის პროვაიდერი კომპანიების სერვერებსა და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა მოხდა, სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების შენარჩუნების მიზნით კი ევროკომისიამ ვიდეოსტრიმინგის სერვისის მიმწოდებლებს ხარისხის შეზღუდვისკენ მოუწოდა. 

ბრეტონის განცხადებით, გადატვირთულმა ქსელმა კრიზისულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტრონული ინფორმაციის უწყვეტ გადაცემას შეიძლება შეუშალოს ხელი. 

"ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს რეგულატორებთან, მთავრობებთან და ქსელის ოპერატორებთან მთელ ევროპაში და ვგეგმავთ დროებით შევზღუდოთ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში HD სტრიმინგი და ის სტანდარტული გარჩევადობის (Standard Definition) სერვისით ჩავანაცვლოთ", - ნათქვამია Google– ის საკუთრებაში არსებული YouTube-ის განცხადებაში.

ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამ გადაწყვეტილებას Twitter-ის საკუთარი გვერდის მეშვეობით, გამოეხმაურა. მისი შეფასებით, YouTube-ის გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეპიცენტრად რჩება. 20 მარტის მდგომარეობით, ევროპის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში არის გამოვლენილი და ის 41,035-ს შეადგენს.