მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყოველ კრიზისს ჰყავს მსხვერპლი, თუმცა, იქნება ხალხი, რომელიც ახალს იპოვის" – დავით იაკობაშვილი

5eb6b67aba75a
თამთა ჯიჯავაძე
09.05.20 23:23
1791
"ყოველ კრიზისს ჰყავს მსხვერპლი.. თუმცა, იქნება ისეთი ხალხი, რომელიც რაღაც ახალს იპოვის," – ამის შესახებ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა. იაკობაშვილმა, რომელიც 2003 წლიდან მონაკოში ცხოვრობს და ფლობს არაერთ ბიზნესს, აღნიშნა, რომ პანდემიის კრიზისი მსოფლიოში ბევრ რაიმეს შეცვლის, თუმცა, ყველა კრიზისში შეიძლება რაიმე ახლის პოვნა და ახალი საქმის დაწყება, რაც მომავალში გაამართლებს.

„როგორც ჩინელები ამბობენ, ეს არის შანსი... ამის მჯერა... ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაღაც საიმედო და საინტერესო ვნახოთ. რაღაცას წავავლოთ ხელი, დავიწყოთ და წინ წავიდეთ... ძველი ბიზნესებიდან შემოსავალი აღარ გამოდის იმდენი, რომ დაფაროს არსებული ხარჯები. ესე იგი რაღაც ახალი უნდა იპოვო, რაღაც უნდა გამოიგონო, რაღაც სხვანაირად გამოიყენო და გაგიმართლებს“, – აღნიშნა დავით იაკობაშვილმა.

კითხვაზე რამდენად ადაპტირდა იაკობაშვილის ბიზნესები იმ შოკთან რაც შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია, ქართველი ბიზნესმენი ამბობს, რომ ის და თავისი ვაჟი ცდილობენ ვითარებიდან გამოსავლის პოვნას – „ჩემი ვაჟი მუშაობს იმაზე, რომ რაღაც ახალი ვნახოთ და საინტერესო, რომელსაც დასჭირდება ჩვენი ნიჭი და იდეა, რათა ჩვენ რაღაც საინტერესო ახალი ავაწყოთ“.

მან ასევე აქცენტი იმ სფეროებზე გააკეთა, რომელთაც პანდემიის გამო ყველაზე მეტად გაუჭირდა. ესაა ავიაცია ან ვაჭრობა:

„ბევრ რაღაცას უჭირს. მაღაზიები, რესტორნები, სულ ყველაფერი დაკეტილია. განიცდის ხალხი ძალიან, ბევრს კარგავს ყოველდღე. როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, რუსეთში და ამერიკაშიც. კიდევ კარგი ამერიკაში ბევრი ფული „შეაგდეს“ პრინციპულად ეკონომიკაში.. აშშ-ში გადაარჩინეს კიდეც მგონი ბაზარი... ძალიან ჭკვიანური იყო ის დახმარებები რაც გააკეთა ტრამპმა. მგონი ეს ჩაიწერება ისტორიაში“, – დასძინა იაკობაშვილმა.

დავით იაკობაშვილი - Forbes Talks



აღსანიშნავია, რომ დავით იაკობაშვილის ქონება Forbes-ის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით, 750 მილიონ დოლარს შეადგენს. ის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის ქონების სიდიდის მიხედვით 136–ე ადგილზეა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას რუსეთში ძირითადად სოციალური პროექტები აქვს, მათ შორის მუზეუმი Собрание, სადაც წარმოდგენილია ანტიკვარული საათები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ. ასევე ინვესტიციები აქვს ჩადებული სხვადასხვა რუსულ კომპანიაში.

დავით იაკობაშვილი 2003 წლიდან მონაკოში ცხოვრობს, მანამდე 1990-იანი წლებიდან ცხოვრობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში. ჰყავს ერთი ვაჟი. იაკობაშვილის ქონება 2014 წელს 1,2 მლრდ დოლარი იყო, რა დროსაც ის ქართული Forbes-ის ყდაზეც მოხვდა როგორც ქართველი მილიარდერი.