მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყოველ მეორე ადამიანს საქართველოში ზაფხულში დასვენების გეგმა არ გააჩნია“ – ACT

62f7e4b3282a5
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.22 22:12
1836
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 40%-ისთვის ფინანსური მდგომარეობა ბოლო წლის მანძილზე გაუარესდა და ყოველ მეორე ადამიანს საქართველოში ზაფხულში დასვენების გეგმა არ გააჩნია.
„ეისითიმ“ მოსახლეობის გამოკითხვა ტურიზმის საკითხებზე 2022 წლის 11-16 ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი 18+ ასაკის შემთხვევითად შერჩეული საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, შესაძლო დამაბრკოლებელი გარემოებების მიუხედავად, მოსახლეობის 40% ამ ზაფხულს დასასვენებლად გამგზავრებას გეგმავს, ხოლო უფრო მეტს - 55%-ს ასეთი გეგმა არ გააჩნია.

„ამასთან, ადამიანთა რაოდენობა, ვინც დასასავენებლად გამგზავრებას აპირებს, ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება - დასასვენებლად წასვლა 2.3-ჯერ მეტ ახალგაზრდას (18-34 წლის) აქვს დაგეგმილი მაღალი ასაკობრივი ჯგუფის (55+) წარმომადგენლებთან შედარებით (54% და 24%, შესაბამისად). ასევე, აღსანიშნავია, რომ დასასვენებლად გამგზავრებას დედაქალაქის მცხოვრებთაგან გაცილებით მეტი ადამიანი გეგმავს (56%), რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შედარებით (1/3-ზე ოდნავ მეტი).
დაგეგმილი დასვენების ხანგრძლივობა მეტწილად 1-2 კვირით შემოიფარგლება (65%)“.

კვლევისას გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასვენებას საკუთარ, ან ახლობლის აგარაკზე გეგმავს.

„საქართველოს მოსახლეობის დასვენებას გეგმის მქონე სეგმენტიდან 58% დასვენებას საკუთარ, ან ახლობლის აგარაკზე გეგმავს, 40%-ზე მეტი - საქართველოს ზღვის, ხოლო 23% - საქართველოს მთის კურორტებს განიხილავს. ქვეყნიდან გასვლას დასვენების მიზნით გამოკითხულთა მხოლოდ 16% აპირებს“, - ირკვევა კვლევის შედეგებით.

კვლევის შედეგების თანახმად, იმ ადამიანების დიდი ნაწილი (60%), ვინც ზაფხულის გატარებას საკუთარ სახლებში გეგმავს, მიზეზად დასვენებისთვის საკმარისი ფინანსების არქონას ასახელებს. დანარჩენი ნაწილი კი ამბობს, რომ დასვენებაზე უარის თქმა პირადი მიზეზების (27%) ან შვებულების არქონის (9%) გამო უწევთ.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ გამოკითხული მოსახლეობის 8%-ზე მეტი დასასვენებლად ქვეყნიდან გასვლას ადგილობრივ კურორტებზე რუსი ტურისტების დიდი რაოდენობით თავმოყრის გამო გეგმავს.

მათგან, ვინც დასვენებას საზღვარგარეთ გეგმავს, ყოველი მეოთხის არჩევანს, ადგილობრივი კურორტების ფასებთან შედარებით, დაბალი ფასები განაპირობებს. 10-დან 1 მოქალაქე კი საზღვარგარეთ დასვენებას ფასისა და ხარისხის საუკეთესო შესაბამისობის გამო წყვეტს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენების მსურველთა ყველაზე დიდი ნაწილი (42%) საკუთარ არჩევანს უცხო ქვეყნის ნახვის სურვილს უკავშირებს. ყოველი მესამე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასვენებას გეგმავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ მათი მეგობრები, ნათესავები ან ახლობლები ცხოვრობენ. 

ასევე, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კვლევის მონაცემების თანახმად დასასვენებლად წასვლას მიმდინარე წელს 10%-ით ნაკლები ადამიანი გეგმავს წინა წლებთან შედარებით (38.1% და 48.6%, შესაბამისად).