მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველ წელს იჯარის გადასახადის ჩამოწერას გვპირდებოდნენ, ამიტომ არ ვიხდიდით”- ფილარმონიის ყოფილი მმართველი

6268084d09550
ანუკა ჯოხაძე
01.05.22 20:59
1302
2019 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან" არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის" მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

მას შემდეგ თბილისის საკონცერტო დარბაზი 100%-იანი წილის მართვის უფლებით ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

„ინტერნეიშენალ ივენთის" ხელმძღვანელი დღეს BM.GE-თან აცხადებს, რომ სახელწმიფოს მხრიდან სხვადასხვა ეკონომიკის მინისტრის პირობებში მას ჰქონდა დაპირება, რომ იჯარის გადასახადის ჩამოწერა მოხდებოდა. ასევე მისი თქმით, მაშინდელი მთავრობა საქმის კურსში იყო, რომ წელიწადში 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობა გართულდებოდა. მისი თქმით, რეალურად 80 კონცერტის გამართვის შესაძლებლობა არსებობდა.

“როცა გაფორმდა ეს ხელშეკრულება სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე კაბალური პირობები იყო ჩადებული, რასაც მაშინაც ვაპროტესტებდით. იყო ყოველთვის დაპირება, რომ პირობებს გადახედავდნენ, მათ ხელში იყო ხელშეკრულება და ა.შ. ეს იყო მართვის ხელშეკრულება საკმაოდ დიდი ინვესტიციის პირობით. პირველ ეტაპზე დაახლოებით 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და უცებ საიჯარო გადასახადიც გაჩნდა, ესეც საკმაოდ დიდი რიცხვი გამოდიოდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს გადასახადი დარბაზს დააწვებოდა და განვითარებისთვის ფილარმონიას ფული აღარ ეყოფოდა.

ყველაზე დიდი პლუსი ამ საქმეში იყო ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა თეთრი, ფილარმონიის განვითარება მთლიანდ თავის თავზე კერძო სტრუქტურამ აიღო. წლების განმავლობაში ასე მოვდიოდით. იყო დავა წლების განმავლობაში იჯარის გადასახადის მოხსნაზე, ყოველწლიურად იყო შეპირება, რომ ამის გადახედვა მოხდებოდა. რადგანაც ვიცოდით, რომ ასეთი დამოკიდებულა იყო, რომ ეს ვალდებულებები უნდა მოხსნილიყო, არ გადაგვიხდია ეს თანხა და შემოსავლით მიღებული თანხის რეინვესტირებას ვახდენდით”, - ამბობს “ინტერნეიშენალ ივენთსისა” და “ისთერნ ფრომოუშენის” ხელმძღვანელი გიორგი კერესელიძე

კერესელიძე აცხადებს, რომ ყველა ეკონომიკის მინისტრს ფილარმონიის თემა “თაროზე” ჰქონდა შემოდებული. ბოლოს კი ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე, მათთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.

“ყველა მინისტრს ეს თემა თაროზე ჰქონდა შემოდებული. ისიც პრობლემა იყო, რომ ეკონომიკის მინისტრებიც ხშირად იცვლებოდნენ და ეს საკითხი ყოველთვის მინისტრის დონეზე წყდებოდა. ამის შემდეგ სანამ ახალი მინისტრი საქმეში გაერკვეოდა და მის განხილვას დაგვპირდებოდა, მინისტრი ისევ იცვლებოდა.

2019 წლამდე ასე მოჯადოებულ წრეზე ვიარეთ. 2019 წელს კი უცებ აღმოვაჩინეთ, რომ პირდაპირ, დაუკითხავად და შეხვედრის, კომუნიკაციის გარეშე ეკონომიკის სამინისტროსგან წერილი მივიღეთ, მაშინ მინისტრი გიორგი ქობულია იყო. წერილში ეწერა, რომ სახელმწიფო ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა”, - აცხადებს “ინტერნეიშენალ ივენთსისა” და “ისთერნ ფრომოუშენის” ხელმძღვანელი გიორგი კერესელიძე