მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა კულტურის სამინისტროს გაუქმება”- მიხეილ გიორგაძე

60155981bef7f
ანა ჯოხაძე
30.01.21 17:06
1125
2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, მზად იყო 2 წლის წინ გაუქმებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ აღედგინა, რაც ასეც მოხდა.

იყო თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა არათანმიმდევრული? ეს კითხვა BM.GE-იმ კულტურისა და სპორტი ყოფილ მინისტრს მიხეილ გიორგაძეს დაუსვა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკა არათანმიდევრული იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მთავრობა კულტურის სამინისტროს გაუქმებით დაშვებულ შეცდომას არ აღიარებდა და მის გამოსწორებას არ შეეცდებოდა. სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად ჩამოყალიბება კი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დღეს არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს მოუხსნის.

“როდესაც ამხელა სამინისტრო იქმნება, მასტაბიდან და სიდიდან გამომდინარე, ყველანაირი საკითხი დაწყებული ტექნიკური, პროცედურული საკითხებით და დამთავრებული შინაარსობრივი საკითხებით პროცესები უფრო გართულებულია. უფრო მოუქნელია სისტემა და სწორედ ეს მოუქნელობა და სწრაფად რეაგირების ნაკლებობა სხვადასხვა საკითხებზე ყველაზე დიდი მინუსი იყო და არის დღემდე. შესაბამისად, უფრო მეტი ეფექტურობისთვის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ცალკე სამინისტრო უფრო მეტად ეფექტური იქნება. მე ძალიან ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და ჩემი არგუმენტებიც მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არასწორად მიმაჩნდა კულტურის სამინისტროს გაუქმება.

თავის დროზეც რაღაცნაირად ვხედავდი, თუ ვგრძნობდი, პრობლემებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უკვე უზარმაზარი მასშტაბის და სირთულის იყო დაგეგმილი რეფორმების ფონზე, რთული იქნებოდა მისი კიდევ დატვირთვა კულტურის და სპორტის პრობლემატიკით. ეს არასწორი მეგონა მაშინაც და დღესაც ასე ვთვლი”-აცხადებს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წელს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა. შემცირებაში მოჰყვა კულტურისა და სპორტის სამინისტროც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეურთდა.