29.ნოემბერი .2020 20:02

ყოველწლიურად ენგურჰესის როლი დანარჩენი საქართველოსთვის მცირდება - რევაზ არველაძე

ყოველწლიურად ენგურჰესის როლი დანარჩენი საქართველოსთვის მცირდება - რევაზ არველაძე
views 864
უკან

„ენგურჰესი არის ჩვენი ენერგოსისტემის ერთ-ერთი საყრდენი, მაგრამ ყოველწლიურად მისი როლი მცირდება დანარჩენი საქართველოსთვის. ის ყველაზე მნიშვნელვანი სადგურია და კიდევ კარგი, რომ გვაქვს; მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - ასე უპასუხა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ენრგეტიკოსმა რევაზ არველაზემ bm.ge-ის კითხვას - ოკუპირებული აფხაზეთის უფასოდ ელექტრომომარაგების ფონზე, კარგავს თუ არა ენგურჰესი საქართველოსთვის ეკონომიკურ სარგებლიანობას.

საქმე იმაშია, რომ 2021 წლის იანვრიდან, ენგურჰესის რეაბილიტაცია იწყება და ჰესი სამი თვით გაჩერდება. აღნიშნული გამოწვევაა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რადგან ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ის მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს.

ენერგეტიკოსები ოკუპირებულ რეგიონში ენერგომოხმარების მზარდ ტენდენციას ორი მიზეზით ხსნიან: პირველი - კრიპტოვალუტების წარმოება ანუ ე.წ. მაინინგია, მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ რადგან აფხაზეთს ენგურჰესის წარმოებული ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, მოსახლეობა დენს ეკონომიურად არ მოიხმარს.

ენერგეტიკოსი ეჭვობს, რომ გამორიცხული არაა, აფხაზეთის ენერგომომარაგება 2021 წელსაც, ვიდრე ენგურჰესი გაჩერებული იქნება, ისევ საქართველოს მოუწიოს, თუმცა მიაჩნია, რომ მთავრობა ასე არ უნდა მოიქცეს.

„აფხაზეთისთვის ელექტროენერგია საქართველომ არ უნდა იყიდოს“, - ამბობს ენერგეტიკოსი, რომლის აზრითაც, ენგურჰესის გაჩერება შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შანსად - დავანახოთ ოკუპირებული რეგიონის მარიონეტულ რეჟიმს, რომ უფასო არაფერია.

„როგორც ვიცით, ზამთრის თვეებში, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად მიაქვს აფხაზეთს; მეტიც, როცა არ ჰყოფნის, ჩვენი სხვა სისტემებიდან ვამატებთ; ამას დარეგულირება სჭირდება. სწორად რომ მივუდგეთ, აფხაზეთის მხარეს ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 20%-ზე მეტი არ ეკუთვნის, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ფაქტობრივად, 50/50-ზეა და ზამთარში კი, 100%-ვე მიაქვს. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

ისინი სარგებლობენ იმით, რომ სამანქანო დარბაზი მათ მხარესაა და რადგან უფასო ელექტროენერგია აქვთ, არც ფიქრობენ ენერგეტიკის განვითარებაზე, ეს უნდა შევაცვლევინოთ. როგორ? - მაგალითად, როცა 2017 წელს ენგურჰესის გვირაბს ვამოწმებდით, 2 კვირით დავცალეთ წყალსაცავი და ენგურჰესი გაჩერდა; მაშინ ნახეს, რომ საყიდი გაუხდათ ელქტორენერგია. ახლაც 2-3 თვე იქნება თუ 6 თვე, თვითონ უნდა იყიდონ ელექტროენერგია რუსეთიდან და დაინახავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ანუ როცა მოუწევთ ელექტროენერგიის ყიდვა, იძულებული იქნებიან, მოსახლეობასაც დენის საფასური გადაახდევინონ“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

BM.ge-ის კითხვაზე - რამდენადაა მოსალოდნელი, რომ ვიდრე ენგურჰესი გაჩერებული იქნება, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგებისთვის ხარჯის გაწევა საქართველოს მოუწიოს, მეცხრე მოწვევის პარლამენტარმა ეკონომიკის სამინისტროსკენ გადაგვამისამართა. თავად კი ფიქრობს, რომ ჰესის გაჩერება შანსია.

„ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა მოგვიწიოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ყიდვა. გასაგებია, რომ ჩვენი დები და ძმები არიან, მაგრამ მე როდესაც არ ვიხდი საფასურს, იმ წუთასვე მეთიშება დენი და მათ კი უფასოდ აქვთ; რა გამოდის - მე უფრო ნაკლები საქართველოს მოქალაქე ვარ, ვიდრე - აფხაზი?! ამდენად, მიმაჩნია, რომ ენგურჰესის გაჩერება არის შანსი და რამდენად გამოიყენებს მთავრობა, ამას ზაფხულში დავინახავთ“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.