24.თებერვალი .2020 20:40

ყულევში თიზ-ის მოსაწყობად “ფაზის ოილს” ვალდებულებები განესაზღვრა - რა პოტენციალი აქვს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას?

views 3886
უკან

საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 20 თებერვალს მიღებული დადგენილებით, ყულევში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ 2012 წელს მიღებულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

აღნიშნული ცვლილებებით, ყულევში, 599 970 კვ.მ ტერიტორიის მესაკუთრეს “ფაზის ოილს” დაუწესდა ვალდებულება ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინოს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლითაც შემდგომში თიზ-ის განვითარება უნდა მოხდეს.

“არაუგვიანეს 2020 წლის 1 თებერვლისა შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განაშენიანების რეგულირების გეგმა, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,”- ნათქვამია დადგენილებაში.

ყულევში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას და ადგილზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, თავდაპირველად Socar Georgia Investments-ი გეგმავდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, 2012 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, “ყულევის თიზ”-ის შექმნის პირობები განისაზღვრა.

თუმცა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ შეასრულა, 2016 წელს კი კომპანიის ვალდებულებები კომპანია “ფაზის ოილმა” გადაიბარა.

2019 წლის 12 დეკემბერს “ფაზის ოილმა” და აუდიტორულმა კომპანია Deloitte & Touche-ის წარმომადგენლობამ ყულევის თიზ-ის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გამართეს.

“ფაზის ოილის” აღმასრულებელი დირექტორის, გია შავდიას განცხადებით, “ინვესტიციის მოცულობა $1.1 მილიარდით განისაზღვრება, რომელიც მშენებლობის 4 წლის განმავლობაში იქნება ათვისებული.

არსებული პროექტის მიხედვით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ შექმნილი პროდუქცია როგორც ექსპორტზე გავა, ასევე საქართველოშიც რეალიზდება. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციისას კომპანიის ხელმძღვანელმა გია შავდიამ განაცხადა, რომ ახალი ქარხანა საქართველოს ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად აქცევს.

„სამჯერ მეტი წარმოება ექნება ქარხანას, ვიდრე საქართველო მოიხმარს, აქედან გამომდინარე, საქართველო იმპორტიორი ქვეყნიდან გახდება ექსპორტიორი ქვეყანა. რაც შეეხება ფასებს, ჩვენი გათვლებით, საქართველოს ბაზარზე ფასი, დაახლოებით, 15%-20%-ით დაიწევს და რაც მთავარია, საწვავი იქნება უმაღლესი ხარისხის. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქარხანა არ იქნება მიბმული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ ნედლეულს საერთაშორისო ბაზარზე. ამჟამად, ჩვენთვის ყველაზე მისაღებია ყაზახური ნავთობი, ყველაზე ახლოსაც არის და ამ ნავთობზე არის მთავარი გათვლა. გარდა საქართველოსა და რეგიონისა, გათვლა გვაქვს უკრაინულ ბაზარზეც. ქარხანა გამოუშვებს ევრო5-ისა და ევრო6-ის სტანდარტის პროდუქტს, შესაძლოა ევროპულ ბაზარზეც გავიდეთ. რაც შეეხება საბოლოო ფასს, მთელი ჩვენი გათვლები არის მხოლოდ დამხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა შავდიამ.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, უშუალოდ ქარხნის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაიწყოს. “ფაზის ოილის” ინფორმაციითვე, ქარხნის მართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა Cepsa და Royal Dutch Shell-ი.