მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყურძნის ნედლეულის მწარმოებლებს სახელმწიფო მძევლად ჰყავთ აყვანილი” - ქინძმარაულის კორპორაცია

629f69701bb5c
ანუკა ჯოხაძე
07.06.22 23:20
3597
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ 2022 წელს მთავრობას, სავარაუდოდ, რთველის სუბსიდირება მოუწევს, თუმცა ამ ეტაპზე დაფინანსების კონკრეტულ სქემაზე ვერ საუბრობს. მეხუზლას განმარტებით, წელს სავარაუდოდ მათ შორის სუბსიდიით ისარგებლებენ თეთრი ყურძნის, რქაწითელის მწარმოებლები.

მთავრობის მხრიდან მორიგი სუბსიდირების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ მეღვინეები, ისინი ამბობენ, რომ სუბსიდიამ ქართული ღვინის ბაზარი გააფუჭა.

ქინძმარაულის კორპორაციის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ ბიზნესში რაც ნაკლები ჩარევა მოხდება, მათ შორის სუბსიდიით უკეთესია. მისი თქმით, წლების წინ სახელმწიფომ ძალიან ცუდი პრაქტიკა დაიწყო ამ მიმართულებით, მათ შორის იყო ვენახის გაშენების დაფინანსების პრაქტიკა, რამაც გლეხებს არასწორი მოლოდინები შეუქმნა.

“საერთოდ ბიზნესში რაც ნაკლებად მოხდება ჩარევა, მათ შორის სუბსიდიის, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, მით უკეთესია.შეიძლება არაპოპულარულ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, თუ არ დავასრულეთ ეს საბჭოთა კავშირი, თუ არ დავამთავრეთ ჩარევა, არ გამოვა. თუ გვინდა ბიზნესის დახმარება ძალიან მარტივად ჩვენ უნდა შევქმნათ საგადასახადო სისტემა, რომელიც მისაღები იქნება ყველა ბიზნესისთვის.

ყურძნის ნედლეულის მწარმოებლებს სახელმწიფო მძევლად ჰყავთ აყვანილი. ამის ერთ-ერთი წინაპირობა ისიც არის რომ ისინი ფიქრობენ, მაშინ რატომ გვაძლევდნენ თანხას და რატომ გვაშენებინებდნენ ვენახს თუ არ იყო საჭირო. შეკრული წრესავით არის, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა გაწყდეს და უნდა გამოვიდეთ აქედან. ქვეყნის ცნობადობის გაზრდა, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა დღეს ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არსებობს.”-ამბობს ქინძმარაულის კორპორაციის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

ქინძმარაულის კორპორაციის გენერალური დირექტორი იმასაც აცხადებს, რომ სუბსიდიის გამო საკმაოდ დიდი მოცულობით არის უკვე სანედლეულო ბაზა. მისი თქმით, მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას. თენგიზ ქსოვრელი აცხადებს, რომ სუბსიდიას უარყოფითი ეფექტი აქვს პროდუქტის ფასზეც.

“სახელმწიფომ წლების წინ ძალიან ცუდი პრაქტიკა შემოიღო. ჯერ წინა მთავრობის დროს დაიწყო და მერე ამ მთავრობამაც გადმოიღო ეს თემა, ვგულისხმობ სუბსიდიას. რატომ ხდება პირდაპირი შესყიდვები, ან რატომ ხდება ყურძნის სუბსიდირება? საკმაოდ ბევრი გვაქვს სანედლეულო ბაზა. თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენი მოხმარება. ეს ძალიან ცუდია, ამან შეიძლება დაანგრიოს მთლიანად დარგი. მათ შორის ამას გავლენა აქვს ფასებზე. ასევე საინტერესო აღარ არის საკუთარი ყურძნის წარმოება. ერთადერთი რაც ხიბლი აქვს არის ხარისხი, თუმცა სუბსიდიიდან გამომდინარე გამოდის რომ საკუთარი ყურძნის მოყვანა წამგებიანია. იმიტომ რომ სახელმწიფო როცა ასუბსიდირებს, ყურძნის ფასი 20, 30, 40 თეთრი გამოდის და ჩვენ 70,80 თეთრი გვიჯდება", - ამბობს ქინძმარაულის კორპორაციის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოს მთავრობას რთველის სუბსიდირება რეკორდული, 138,4 მლნ ლარი დაუჯდა. BMG-ის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2015-2020 წლებში სახელმწიფომ მევენახეთა სუბსიდირებაზე 212 მილიონი ლარი დახარჯა, რითიც 285 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. მათ შორის, ყველაზე დიდი - 87.1 მილიონი ლარის შესყიდვა 2020 წელს განხორციელდა, რითიც მთავრობამ 95 ათასი ტონა ყურძენი შეიძინა.

სუბსიდირების პროგრამით ნაყიდი ყურძნისგან მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანია სპირტს და ღვინო-მასალას ამზადებს, რასაც შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის.