მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა დროის ყველაზე პოპულარული YouTube ვიდეოები

60dbfdd1b5edf
თათია კაკიაშვილი
01.07.21 00:10
3316
დაახლოებით ხუთი წლის წინ, 2016 წლის 17 ივნისს, სამხრეთ კორეულმა საგანმანათლებლო ბრენდმა Pinkfong-მა ვიდეო "Baby Shark Dance" ჩაწერა და Youtube-ზე განათავსა, დანარჩენი კი ისტორიაა. დღეს ეს მხიარული და პატარებისთვის განკუთვნილი ვიდეო მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე პოპულარული Youtube ვიდეოა, რომელიც სულ 7.91 მილიარდმა ადამიანმა ნახა. Baby Shark Dance-ს მოჰყვება Despacito, რომლის სათაურის გაგებაზეც ალბათ გულში ყველა იწყებს სიმღერას. სწორედ ამ უჩვეულო მიზიდულობის შედეგია ის, რომ Despacito-ს დღემდე youtube-ზე 7.2 მილიარდი ნახვა აქვს.

Statista-ს მიხედვით, მართალია, მომხმარებლების ნახვების მიხედვით, Baby Shark Dance დღესდღეობით ყველაზე პოპულარული youtube ვიდეოა, თუმცა სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ კიდევ არსებობს საკმაოდ ამყოლი და ცნობადი მუსიკა, რომელიც Youtube-ზე 1689 დღის, ანუ 4.6 წლის განმავლობაში იკავებდა ლიდერ პოზიციას ნახვების მიხედვით - ეს კორეელი მუსიკალური ბენდის PSY-ის “Gangnam style” გახლავთ.

პოპულარული ვიდეოების ნახვების მიხედვით, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ Youtube-ში ყველაზე მოთხოვნადი ვიდეოების უმეტესობა მუსიკალური კლიპებია. დროთა განმავლობაში Youtube-ის მომხმარებელთა გემოვნება იცვლებოდა - თუკი 2010 წელს მაყურებელს ყველაზე მეტად მუსიკალური კლიპები იზიდავდა, ბოლო დროს მეტ ინტერესს მხიარული, ვირუსულად გავრცელებადი ვიდეოები იწვევს. ასევე, მაყურებლის გემოვნებაც იხვეწება - სამოყვარულო ვიდეოებთან შედარებით, პროფესიონალურად შექმნილებს გაცილებით მეტი ნახვა აქვს.

2019 წლის მონაცემებით, პანდემიამდე, როცა ხალხს შედარებით ცოტა დრო ჰქონდა Youtube-ზე გასატარებლად, აშშ-ის მოსახლეობა გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების ნახევარზე მეტი Youtube-ს მუსიკის მოსასმენად მიმართავდა, ნაწილი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს, მათ შორის, ვიდეო გაკვეთილებს და ფილმების თრეილერებს უყურებდა. კვლევის ეს შედეგები კი იმას ნიშნავს, რომ მუსიკის გულშემატკივრები Youtube-სთვის ერთგული და საინტერესო აუდიტორიაა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მუსიკალური ვიდეორგოლები ყველაზე მეტ ნახვას Youtube-ზე განთავსებიდან 24 საათის განმავლობაში აგროვებს. იგივე შეიძლება ითქვას ფილმების თრეილერებზეც. მაყურებელს განსაკუთრებით იზიდავს ფილმები სუპერგმირებზე, რომლებიც Marvel Cinematic Universe-ს უკავშირდება. ფილმის “შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული” - პირველმა ოფიციალურმა თრეილერმა პირველი 24 საათის განმავლობაში 289 მილიონი ნახვა დააგროვა, რამაც ვიდეო ფაქტობრივად ვირუსულად აქცია.

დაბოლოს, ყველა დროის ტოპ-10 youtube ვიდეოა:

Baby Shark Dance - 7.91 მილიარდი ნახვით;
Despacito - 7.2 მილიარდი ნახვით;
Shape of you - 5.18 მილიარდი ნახვით;
See you again - 4.96 მილიარდი ნახვით;
Johny Johny yes papa - 4.77 მილიარდი ნახვით;
Masha And the Bear Recipe for Disaster - 4.41 მილიარდი ნახვით;
Uptown Funk - 4.09 მილიარდი ნახვით;
Gangnam Style - 3.97 მილიარდი ნახვით;
Learning Colours - 3.69 მილიარდი ნახვით;
Bath Song - 3.64 მილიარდი ნახვით.