მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა პროდუქტის გენმოდიფიცირებაზე ანალიზი უაზრობაა, საქართველო ასეთი მდიდარი არ არის - რეზო ვაშაკიძე

61853033716d2
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.21 17:39
1002
საქართველო არც ისე მდიდარია, რომ ყველა პროდუქტის გმო-ზე(გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე) შემოწმებაში რესურსი ვხარჯოთ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა და პროფესიით მიკრობიოლოგმა რევაზ ვაშაკიძემ BM.GE-სთან განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, საქართველოში ნებისმიერი პროდუქტი შემოტანისას ლაბორატორიულ შემოწმებას გენმოდიფიცირებულობაზე გადის, რაც რიგ შემთხვევაში გაუმართლებელია. რევაზ ვაშაკიძე „ჩირინას“ მაგალითზე განმარტავს, რომ ამ სახის ანალიზების ჩატარების გავლენა როგორც ბიზნესზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე უარყოფითია.

„სიმინდი და ხორბალი ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან შემოგვაქვს. ამ ქვეყნებში გენმოდიფიცირებული პროდუქტის რეალიზება აკრძალულია. იმპორტის დროს კი საბაჟო გენმოდიფიცირებაზე აკეთებს ანალიზს, რისთვისაც სახელმწიფო და რიგ შემთხვევაში კომპანიების ფინანსური რესურსი იხარჯება. საქართველო არც ისე მდიდარი ქვეყანაა, რომ რესურსები ასე ვხარჯოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 5 000 ტონა სიმინდი შევიძინეთ და 1 500 ტონა იყო რუსეთიდან იმპორტირებული. პროდუქტის იმპორტისას ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისთვის კომპანიამ შესაძლოა წლიურად ასობით ათასი ლარიც დახარჯოს. ფაქტობრივად სახელმწიფოც კარგავს თავის ფულს და კომპანიებიც“, - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

პროფესიით მიკრობიოლოგი აცხადებს, რომ ამგვარი ანალიზების საზღვარზე გაკეთება, ამის გამო ტვირთისა და მძღოლების რამდენიმე დღით შეყოვნება და ანალიზებისთვის გაწეული ხარჯები გაუმართლებელია.

„2 დღის განმავლობაში გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე ანალიზი რომ გაკეთდეს, ერთი მანქანის მიერ სიმინდის შემოტანის დროს დაახლოებით 500 ლარი იხარჯება, ამ პროცესში მძღოლის დაყოვნებაც ხდება, რის გამოც კომპანიები პროცესის დაჩქარების მიზნით დამატებით თანხებს თავად იხდიან. მნიშვნელობა არ აქვს ამ ხარჯს სახელმწიფო სწევს თუ კერძო სექტორი, ეს რესურსების უაზროდ გაფანტვაა.

ეს იწვევს პროდუქტის გაძვირებას და მაშინ, როდესაც ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაცია გვაქვს, ფინანსების ანალიზებზე ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის. გასული 5 წლის განმავლობაში იმპორტის პროცესში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანის შემთხვევები დაფიქსირებულიყო“, - აცხადებს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

რევაზ ვაშაკიძე სახელმწიფოს საკითხის გადაჭრის გზასაც ურჩევს და ამბობს, რომ სახელმწიფო საგადასახადო საკითხებს უფრო შემოქმედებითად უნდა მიუდგეს.

„საიმპორტო ბაზრებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენება აკრძალულია, შესაბამისად საბაჟოზე უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც განვლილი პერიოდის განმავლობაში შემოსული პროდუქტის ანალიზის შედეგად დაასკვნის რომელ პროდუქტებზე შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ლაბორატორიული კონტროლი, ხოლო რომელზე არ გაკეთდეს და დაიზოგოს სახსრები. ყველა პროდუქტის ანალიზი უაზრობაა, ამიტომ საბაჟოს ანალიტიკურმა ჯგუფმა უნდა განსაზღვროს, რომელი პროდუქტი უნდა დაექვემდებაროს გენმოდიფიცირებაზე ანალიზებს. თუ მათ კონსულტანტი ესაჭიროებათ შემიძლია კონსულტირება გავუწიო, რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული და რომელი - არა.

მე მომხრე ვარ, უფრო შემოქმედებითად მივუდგეთ როგორც საბაჟო, ასევე ნებისმიერ საგადასახადო პოლიტიკას და უფრო ღრმა ანალიზი გავაკეთოთ და სახელმწიფო და კომპანიები უფრო ეფექტური გავხადოთ“, - აცხადებს ბიზნესმენი და პროფესიით მიკრობიოლოგი რევაზ ვაშაკიძე.