მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა საბუთზე წაუკითხავად ვუწერდი ხელს”- ივანიშვილი Credit Suisse-ის დაკარგულ $400 მლნ-ზე

6199372b9112d
შოთა ტყეშელაშვილი
20.11.21 21:56
7574
მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ Credit Suisse-ს ყველა საბუთს წაუკითხავად აწერდა ხელს. ექს-პრემიერი ამჟამად ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში შვეიცარული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებშია ჩართული, რამდენიმე დღის წინ კი მან საქართველოდან ბერმუდის სასამართლოს ჩვენებაც მისცა. დღეს ტელეკომპანია “ფორმულამ” ამ ჩვენებიდან რამდენიმე ამონარიდი გამოაქვეყნა, სადაც ივანიშვილი აცხადებს, რომ “ბანკის ყველა საბუთს წაუკითხავად აწერდა ხელს” და რომ Credit Suisse-თან ურთიერთობაში ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ პერიოდში “ქართუ ბანკის” საბჭოს წევრი და “ქართუ ფონდის” მმართველი იყო, მხოლოდ საორგანიზაციო ფუნქციებს ასრულებდა და მის შინაარსობრივ დეტალებთან კავშირი არ ჰქონდა.

ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოს ჩვენება ქართულ ენაზე, თარჯიმნის დახმარებით მისცა.

“არ იფიქროთ, რომ ფინანსურ სტრუქტურებში გარკვევა არ შემიძლია. მე შემიძლია, თუმცა არასდროს არ მიცდია, ახლაც არ ვიცი რა მომეცით თქვენ. მე არ ვცდილობდი ამ სტრუქტურების შესწავლას და მასში გარკვევას, მე ვამოწმებდი მხოლოდ თანხის რაოდენობას, ვამოწმებდი გვარებს და სახელებს და ასაკს ჩემი შვილების, ჩემი მეუღლის თუ რამე გადანაწილება ხდებოდა. მაგრამ სტრუქტურას როგორ წარმოადგენდნენ ამაში გარკვევას არ ვცდილობდი. მე სტრუქტურაში არ ვერეოდი. ეს არაფერს არ ნიშნავდა ჩემთვის, ტრასტი თუ სხვა რაღაც. მე მოვედი Credit Suisse-ში და მის ნებისმიერ სტრუქტურას რაც მას აწყობდა ხელს ვაწერდი წაუკითხავად, რასაც მთავაზობდა პროფესორი [პირადი ბანკირი] ვაწერდი ხელს, თავად სტრუქტურა ჩემთვის საინტერესო არ იყო.

ეს იყო როგორც პაციენტი რომ ექიმთან მიდის, ან სტუდენტი პროფესორთან და მის დავალებას ასრულებს, აი ასეთი იყო დამოკიდებულება,”- აცხადებს ივანიშვილი.

ღარიბაშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით კი ივანიშვილი განმარტავს:

“ერთი პატარა რემარკა მინდა გავაკეთო ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რადგან ღარიბაშვილი ასე აინტერესებს [Credit Suisse-ის იურისტს გულისხმობს, რომელიც მას კითხვებს უსვამს]. ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუკი Credit Suisse მიმანიშნებდა რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი?.... დაუშვათ დელეგაცია ჩამოდიოდა და დროის შეთანხმება იყო საჭირო ან მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა, ან ზარის განხორციელება ან შეხვედრის ორგანიზება ან თვეში ერთხელ გაეგო [ირაკლი ღარიბაშვილს] ანგარიშზე რა თანხა იყო და ასე შემდეგ,”- განმარტავს ივანიშვილი.

საქმე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ სქემას უკავშირდება. მის შესახებ დავა შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში მიმდინარეობს. პატრიკ ლესკადრონის დანაშაულები 2015 წელს გამოაშკარავდა.

დავა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სახელზე განხორციელებულ პირად სადაზღვევო შენატანებს ეხება. დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა ბერმუდის კუნძულებზე, Credit Suisse Life-ის ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით, $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი “სადაზღვევო პრემიის” სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი, ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა.

ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატამ, 2020 წლის 11 თებერვალს, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება პროცესზე "ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ" და საკუთარი განჩინებით, შვეიცარიულ ბანკს პროცესთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტების გამჟღავნება დაავალდებულა.

Credit Suisse-მა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რასთან დაკავშირებითაც უკვე ერთ წელზე მეტია ცალკე განხილვები მიმდინარეობს.

იქამდე, სანამ საქმე ბერმუდის კუნძულებზე გადაინაცვლებდა, დავა მიმდინარეობდა შვეიცარიულ სასამართლოში, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა მის კლიენტებს (ძირითადად ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად კი უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონი სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარებდა დანაშაულს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან მოყოლებული აყალბებდა. ხელმოწერის გაყალბებით აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც ივანიშვილისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და რომ თაღლითური სქემის ავტორი მხოლოდ ყოფილი პირადი ბანკირია.

აღნიშნულის არ სჯერა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეს პროცესი Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობის გარეშე წარმართულიყო. სწორედ ბანკის პასუხისმგებლობას ეხება ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე პროცესი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პატრიკ ლესკადრონმა საპატიმრო 2018 წლის ბოლოს დატოვა, რისი მიზეზიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ამასთან, მას წინასწარი პატიმრობის შედეგად პატიმრობის ნახევარზე მეტი მოხდილიც ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ხოლო იმ თანხების შესახებ, რომელთა დაკარვაშიც ის იყო ბრალეული ივანიშვილი ხანგრძლივ დავაში არის ჩართული.