მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა სოლიდარული უნდა ვიყოთ... ეს ჩვენთვის კეთდება - ლალიაშვილი თბილისის სატრანსპორტო რეფორმაზე

638b513f80271
ალა ისპირიანი
03.12.22 18:11
1074
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში სატრანსპორტო მოძრაობა თბილისში უფრო მოწესრიგებული იქნება, ვიდრე დღეს არის. ამის თქმის მიზეზს, მას თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების გეგმა აძლევს, რომელიც თბილისის მერის მხრიდან მიმდინარე კვირის დასაწყისში დაანონსდა.

როგორც ეკა ლალიაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებების მიმართ ყველა სოლიდარული უნდა იყოს.

„უნდა დაველოდოთ იმ დერეფნების გახსნას, რაც ითქვა. რას ნიშნავს დერეფნები? შეიძლება ეს ვიღაცისთვის გაუგებარი იყოს, ამიტომ ავხსნი: ეს ნიშნავს იმას, რომ ავტობუსის ზოლები გადაბმული იყოს და სადმე შეფერხება არ ჰქონდეს; გზები დახაზული იყოს, არა მხოლოდ მძღოლებისთვის, არამედ ველომომხმარებლებისთვის. ასევე ქვეითებისთვის უსაფრთხო გადასასვლელები იყოს მოწყობილი. შეიძლება ბევრი მძღოლი უკმაყოფილოა, მაგრამ ჩემთვის ჭავჭავაძის გამზირი კარგია მაგალითია. ის ფეხით მოსიარულეებისთვის კარგადაა მოწყობილი. ტრანსპორტი იჭედება, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ ამის გაგრძელება დასრულებული არ არის და ათი დერეფანი, როდესაც შეკავშირდება, იმედი გვაქვს სრულფასოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი მძღოლებისთვისაც იქნება და საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადმოსხდებიან.

ყველა სოლიდარულები უნდა ვიყოთ და არ მინდა, ეს რეფორმა და ცვლილება მარტო კალაძის და მისი გუნდის იყოს. ეს ცვლილება ჩვენთვის კეთდება. მინდა ყველას გვჯეროდეს, რომ ხვალინდელი ჩვენი სატრანსპორტო მოძრაობა ბევრად უკეთესი იქნება“, - განაცხადა მან.

10 სატრანსპორტო დერეფნის მოწყობა/დასრულება, 2023 წლიდან ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების შეძენა, მეტროპოლიტენის განახლება და ახალი 40 ვაგონის დამატება, ნაკადების ავტომატიზებული სისტემის გაშვება - ეს ის ღონისძიებებია, რასაც თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ახალი ეტაპი მოიაზრებს. თბილისის მერმა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის დაწყებაც უკვე დააანონსა. მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულნი არიან უცხოელი და ქართველი ექსპერტები და ის დისკომფორტი, რაც დღეს ქალაქში გადაადგილების კუთხით არსებობს, სწორედ ამ პოლიტიკით აღმოიფხვრება.