მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი დაარეგულიროს კონკურენციამ - ვაჟა მენაბდე

60d1f4caeedf7
ინგა მურუსიძე
22.06.21 21:55
1269
„ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორ ვაჟა მენაბდეს განცხადებით, “ლიბერთი ბანკი“ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ახალ ტენდერში როგორც - გამარჯვებისთვის, ისე დამარცხებისთვისაც მზად არის. „ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კონკურენციამ“, - თქვა მენაბდემ „საქმის კურსის“ ეთერში.

მისი თქმით, არასწორია საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კითხვის დასმა - მაღალია თუ დაბალი საპროცენტო განაკვეთი.

„მაღალი და დაბალი საპროცენტო განაკვეთი - საკითხის ასე დაყენება, მე მგონი, არასწორია და ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, საბაზროა განაკვეთი თუ - არა. განაკვეთები, რომლითაც ჩვენ ვოპერირებთ, არის საბაზრო. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჩვენ ყოველთვის გახსნილი ვართ ნებისმიერი მხარისთვის და მზად ვართ კომუნიკაციისთვის ყველასთან, ვისაც გული შესტკივა მომხმარებელზე. ყოველთვის მზად ვართ, ყველასთვის უკეთესი გამოსავალი ვიპოვოთ. რაც შეეხება პარლამენტში გამართულ პროცესებს, ჩვენ ვართ ბიზნესი, საქმიანი ხალხი და ნაკლებად გვსურს, რომ პოლიტიკურ თამაშებში ჩავებათ“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

მისივე განმარტებით, „ლიბერთი ბანკი“ სარგებლობს კონტრაქტით და როცა ეს კონტრაქტი მიიღო, არც ერთმა სხვა ბანკს აღნიშნული მომსახურების გაწევაზე დაინტერესება არ გამოუხატავს.

„გარდა ამისა, ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც „ლიბერთი ბანკში“ ერიცხება კუთვნილი პენსია თუ თანამდებობრივი სარგო, აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეუძლია, გადარიცხოს ეს თანხა სხვა ბანკში და სურვილისამებრ განკარგოს. რაც შეეხება თავისუფალი არჩევანის მიცემას,თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პენსიების ჩარიცხვა სხვადასხვა ბანკებში მოხდება, კარგად უნდა დაფიქრდეს გადაწყვეტილების მიმღები, უნდა შეაფასოს რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, კერძოდ მომხმარებლების უდიდეს ნაწილს ძალიან მაღალი ალბათობით პირობები გაუუარესდება, ხოლო ათობით ათასი ადამიანი შესაძლოა საერთოდ საბანკო სერვისის გარეშე დარჩეს, ვინაიდან მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არცერთი ბანკის ფილიალი აღარ იქნება.

ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ; დღესაც კანონის შესაბამისად ვიქცევით, ხვალ თუ იქნება ტენდერი, ამისთვისაც მზად ვართ, რადგან ჩვენ ყველაზე მეტი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული რესურსი. მზად ვართ, ახალი ტენდერისთვისაც, ამ ტენდერში გამარჯვებისთვისაც და მისი დათმობისთვისაც, ყველაფერი დაარეგულიროს კონკურენციამ“, - განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ვაშაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის - „საპენსიო კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილებების თანახმად, პენსიონერს ექნება უფლება, პენსია აიღოს იმ ბანკში, რომელსაც თავად აირჩევს. გარდა ამისა, საპენსიო სესხის პროცენტი 30%-ს უნდა ჩამოსცდეს.

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის სამართლიანობის 2 ფაქტი - ვასილ ხოდელის განმარტება