მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერი გაძვირდა, ერთადერთი ჯანდაცვის სერვისები გვრჩება იმ ფასად, რაც 2011 წელს გვქონდა“

6276959c1015b
ელენე გოგბერაშვილი
07.05.22 20:05
2969
კლინიკები წლებია ითხოვენ ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილ ტარიფებს გადახედოს, რადგან მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც ინფლაციის, ისე სახარჯი და კომუნალური ხარჯების ფასების ცვლილების თვალსაზრისით, წლების წინ დადგენილი ტარიფებით მუშაობა კი კლინიკებს ფინანსურად აზიანებს.

სამედიცინო დაწესებულებების უკმაყოფილება განსაკუთრებით გახშირდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის ნოემბრიდან ჯანდაცვის სამინისტრომ 520-ე დადგენილება გამოსცა და თანაბარი ტარიფები დაუწესა კლინიკებს კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ მომსახურებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკებს სამინისტრო ზოგადად ტარიფების გადახედვას პირდებოდა, ახლა სამინისტროს ახალი გაცხადებული მიზანი აქვს, რამაც ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა, რადგან მომავალი წლიდან სამინისტრო DRG-ის სისტემის დანერგვას და კლინიკების დაფინანსების მოდელის შეცვლას გეგმავს.

„ჯეო ჰოსპიტალსს 2011 წლის მერე ტარიფები არ შეცვლია და წარმოიდგინეთ რა ტარიფებზე ვმუშაობთ?!

მე ჩემი ხედვა მაქვს, მე მგონია, რომ ამ თამაშში უნდა შემოვიდნენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, როგორც ჯარი, პოლიცია და ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო უწყების მნიშვნელოვანი რგოლი არის კერძო სადაზღვეო ინდუსტრიაშიაგადანაწილებული, ისე უნდა მოახერხოს ჯანდაცვის უწყებამ, რომ პარტნიორად შემოიყვანოს , რადგან სადაზღვევო სისტემას ძალიან კარგად აქვს დალაგებული სამედიცინო სისტემასთან ყველა ფასთწარმოქმნა, ანაზღაურება, მონიტორინგი.

კონკრეტული სეგმენტი, მაგალითად ბავშვები და პენსიონერები შეიძლება ჯანდაცვამ დაიტოვოს, მაგრამ თვითდასაქმებულები, პედაგოგები და სხვადასხვა აქტიური ადამიანები გაუშვან სადაზღვევო ინდუსტრიის დინებაში, რაც მათთვისაც შეამსუბუქებს ამ წნეხს, რადგან 50 კაცი რომ გყავს მონიტორინგის სამსახურში და ჯანდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად მონიტორინგზეა გადართული, რთულია.

ჯანდაცვა უნდა იყოს ქვეყანაში პოლიტიკის მაკეთებელი, სწორი რეგულაციების განმსაზღვრელი, სწორი გაიდლაინების მომცემი და დანარჩენს უნდა ახორციელებდეს კერძო ინდუსტრია, ეს არის ჩემი ხედვა, რაც უფრო სწორი მგონია ასეთი პატარა ქვეყნისთვის.

DRG-ზე ვმუშაობთ სამინისტროსთან, თუმცა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ 2-3 თვეში ჩვენ რაღაც ახალ სისტემაზე მივალთ, თუმცა ის, რომ რეანიმაცია კრიტიკულად დაბალ ფასშია სახელმწიფო სექტორიდან და ბევრი კარგი კლინიკა, შეიძლება ავტომატურად ამოვარდეს, უბრალოდ სურვილი აღარ ჰქონდეს ამის კეთების, ესეც პოტენციური რისკი აქვს ქვეყანას.

ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერი ძვირდება, ერთადერთი ჯანდაცვის სერვისები გვრჩება ისევ იმ ფასებად, რაც გვქონდა 2011 წელს. 5-6 თვე DRG-ის დანერგვის პროცესს არ ეყოფა. ბიზნესი ისე დავგეგმეთ, რომ წლის ბოლომდე ცვლილებებს არ ველოდებით“-ამბობს ნინა კობახიძე.

ანაზღაურების ახალი სისტემა DRG-ის ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

DRG სამართლიანი დაფინანსების ერთ-ერთ მეთოდად ითვლება. ამ მოდელზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია გეგმავს, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, რომ წლის ბოლომდე სახელმწიფო კლინიკებს სწორედ ამ მეთოდის შესაბამისად დააფინანსებს.

DRG-ს დანერგვას ჯანდაცვის სამინისტრო 5-6 თვის განმავლობაში გეგმავს.