მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერი მზადაა, რომ სპორტდარბაზებმა მომხმარებელი უსაფრთხოდ მიიღონ“ - მინისტრი

6038c60bca727
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.21 14:12
706
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები ფუნქციონირების განახლებას განსაზღვრული რეგულაციების დაცვით შეძლებენ.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით ისაა, რომ თავად ეს კომპანიები, მათი მენეჯერები მზად არიან იმისთვის, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე. ყველაფერი მზადაა პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარების და სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ“, - ასე შეაფასა მინისტრმა სპორტული კომპანიების მზაობა საქმიანობის განახლებამდე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას განცხადებით, ზოგადად ჯანსაღის ცხოვრების წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც რეაბილიტაცია სჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, რათა ისინი ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ.

ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე ყურადღება სხვადასხვა გამოწვევებზე გაამახვილეს, რომლებიც მათ საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე წარმოეშვათ. უწყების ცნობით შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.