მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი სოციალური დახმარებების შესახებ, რომელიც დღეს მთავრობამ დაანონსა

5f2bddeabaeb9
ინგა მურუსიძე
06.08.20 14:50
2002
სოციალურ დახმარებებზე მთავრობა 410 მლნ ლარს დახარჯავს - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააჟღერა.

დახმარებების პაკეტი ასე ნაწილდება:

ყველა თვითდასაქმებული, რომელსაც ერთჯერადი, 300 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით არასრული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, კომპენსაცია ჩაერიცხება.

„თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად საქართველოს მთვრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ. ეს დახმარება მიიღო 170 ათასმა მოქალაქემ, ანუ ყველამ, ვისაც დოკუმენტაცია სულად ჰქონდა მოძიებული, თუმცა ვიდრე პროგრამას დავხურავთ, ყველა დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადად“, - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, 17 წლამდე ასაკის ყველა მოზარდი, მთავრობისგან 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებს:

„ვინ არის ახლა ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ვინ არიან? - რა თქმა უნდა, ბავშვები და ამიტომ მიზნობრივად უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა იყო შეუძლებელი”, - ასე განმარტა პრემიერმა მთავრობის გადაწყვეტილება.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოსახლეობას კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდირდება:

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი და იგივე პრონციპით, როგორც აქამდე იყო 200 კვტ სთ და 200 მ3 გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“, - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამულად ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.

გარდა ამისა, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მთავრობის მეთაურმა დღეს გააჟღერა, იყო სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვა:

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო 33 000-ზე მეტ სტუდენტს, რომლსაც 150 000 სოციალურ ქულამდე აქვთ, სწავლის საფასურს ნაწილობრივ, ან სრულად დაუფინანსებს“.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განმარტება გააკეთა, თუ საიდან მოხდება სოციალური დახმარებების გაცემისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მობილიზება.

მაჭავარიანის განმარტებით სოცპაკეტისთვის განკუთვნილი თანხები სრულად კოვიდ ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„კოვიდის ფონდიც, რა საკვირველია, ავსახეთ ბიუჯეტში, გლობალურად თუ ვიტყვით, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდი ამ ეტაპისთვის არის 135 მლნ ლარამდე, ძირითადად რა საკვირველია მოხდება მისი მიმართვა ამ ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებზე, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის ეს ინიციატივა, რითაც საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა უფრო დიდია, ვიდრე ეს კოვიდის ფონდის თანხა, შესაბამისად დანარჩენი ბიუჯეტიდან მოხდება"- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტურიზმი 2020 წელს ნაწილობრივადაც ვერ აღდგება, ეს ზამთარი რთული იქნება, შესაბამისად კომუნალურების სუბსიდირების საკითხიც აქედან გამომდინარე გადაწყდა.


პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯამში სოციალურ დახმარებებზე 410 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 200 მლნ ლარი კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე, 170 მლნ ლარი კი ახალგაზრდების დახმარების პაკეტზე მიემართება.