მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს" - პრემიერი

5e95c05a16922
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 17:49
845

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საპატრიარქოს შორის შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას შეეხებოდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეთა უსაფრთხოება არის უპირველესი, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებებით არ უნდა დაზიანდეს, არც ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ეკლესია. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიღწეული შეთანხმებები შესაძლოა ყოველ საათში შეიცვალოს.

"ჩვენ ყველანი ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას რომ მდგენელი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში იცვლება, შესაბამისად რაღაც შეთანხმებები შედგება, ხვალ იქნება სრულიად სხვა გარემო, როდესაც შეთანხმებები სხვა სახის უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება 1 საათის განმავლობაში სრულად შეიცვალოს.

მე შემიძლია გითხრათ სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც მდგომარეობს შემდგომში, რომ კანონი არ და ვერ დაირღვევა. კანონის წინაშე ვართ ერთნი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ან ვის წარმოადგენს, ისევე როგორც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან უნდა გამოვიდეთ ისე გამარჯვებულები, რომ არ უნდა დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და უნდა გავუფრთხილდეთ მოქალაქეების ჯანმრთელობას.

რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არავის. ბევრი ადამიანი ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირების მოხდენას ცდილობს, არ მინდა ამ თემაში ღრმა დეტალებში წასვლა. მინდა დაგარწმუნოთ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა როგორც ადამიანის ჯანმრთელობის ნაწილში, ასევე სახელმწიფოს ინსტიტუტების მნიშვნელობის ნაწილში და კანონის დარღვევის მნიშვნელობის ნაწილში, ისევე როგორც ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში. გამოწვევა გახლავთ ის, რომ ვიპოვოთ ის ოქროს ბალანსი, რომელზეც ახლა ერთობლივად ვმუშაობთ, თითქმის ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერი არ არის. გარდა ზღვარგადასული კადრებისა მთელმა მსოფლიომ იხილა ის კადრები როგორ მიმდინაროებს ქართულ ეკლესიაში მღვდელმსახურება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვით და ესეც გახდა სამაგალითო.

ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესია არ დაიხუროს. ეს ჩვენი ისტორიული გამოწვევაა, ყოველთვის ასე გვიწევდა ამ ბალანსის პოვნა და დარწმუნებული ვარ ვიპოვნით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.