მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა - ლევან დავითაშვილი გაზსაცავზე

633ee6f632754
ინგა მურუსიძე
06.10.22 18:41
599
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ გაზსაცავთან დაკავშირებით უფრო ადეკვატური პროექტის შედგენაზე მიმდინარეობს მუშაობა. დავითაშვილმა შესაბამისი განცხადება პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა.

„რაც შეეხება გაზსაცავს, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. 130 მლნ ევრო იყო გამოყოფილი ამისთვის, თუმცა პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მოუწია ამ თანხების სხვა მიმართულებით წარმართვა. ახლა უკვე აღდგენაზე დავიწყეთ საუბარი, რესურსებიც გვიჩნდება. საკითხი განხილვის ეტაპზეა, როგორ შეიძლება სხვა უფრო ადეკვატური, მცირე ზომის პროექტის განხორციელება ახალი დიზაინით. აქ საუბარია კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის გეოლოგია და ა.შ. პროცესი მიმდინარეობს და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

საქმე იმაშია, რომ პროექტის დაფინანსების ძირითადი წყარო აღარ არსებობს, რადგანაც გერმანიის განვითარების სააგენტოსთან (KFW) 2018 წელს ხელმოწერილი 150 მილიონი ევროს სესხი, რაც გაზსაცავზე უნდა დახარჯულიყო, 2020 წელს გადამისამართდა და 120 მილიონი ევროს ოდენობით პანდემიურ ხარჯებზე მიიმართა.

პირველადი პროექტით, გაზსაცავის მოცულობა, დაახლოებით, 210-280 მილიონი კუბური მეტრი უნდა ყოფილიყო, მასში საქართველოს წლიური მოხმარების 15%-ს შეინახავენ. პროექტის ღირებულება პირობითად 250-300 მილიონი დოლარი იყო, თუმცა საბოლოო საფასური განსაზღვრული არაა.

გაზსაცავის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდისთვის შენდება. პროექტი საქართველოს შაჰ-დენიზის მილსადენში გამავალი ბუნებრივი აირის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს. ზაფხულის თვეებში, მაშინ როდესაც ენერგომოხმარება დაბალია აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი აირი საცავში შეინახება, ზამთარში კი მისი გამოყენება მოხდება.

გაზსაცავის პროექტი საპარტნიორო ფონდმა ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წარადგინა და მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა.