მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძლიერი და დადებითი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია იყო - ცეზარ ჩოჩელი

613b6f4c98a79
თელარა გელანტია
10.09.21 19:33
1408
ბიზნესი ბიზნესომბუდსმენის გარეშე - 1 წელი გავიდა, რაც აღნიშნული პოსტი ვაკანტურია და მას შემდეგ, რაც მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ნინო კვეტენაძე ასრულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 17 თებერვალს 10-მა ბიზნესგაერთიანებამ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენის დანიშვნის და დაფინანსების წყაროს მოდელის შეცვლაც შესთავაზა, თუმცა 18 თებერვალს გახარია მოულოდნელად გადადგა და ეს საკითხიც „გაიყინა“.

ბიზნესომბუდსმენის, თუნდაც არსებული წესი შესარჩევად, ჯერჯერობით, ვერც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიცალა. პერიოდულად კი კერძო სექტორის წარმომდგენლები bm.ge-სთნ ბიზნესომბუდსმენის საჭიროებაზე საუბრობენ.


ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი აუცილებელია და მისი გაძლიერებისთვის მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება დანიშვნის წესს, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ომბუდსმენს თავად ბიზნესი უნდა ირჩევდეს.

„როდესაც ბიზნესომბუდსმენი პრემიერის დანიშნულია, ასეთ შემთხვევაში მისი ქმედითობა დამოკიდებულია თავად პიროვნებაზე. თუ ძლიერი და დამოუკიდებელია, შეიძლება თავი გაართვას იმ ფუნქციებს, რომელიც მას რეალურად აკისრია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ის აკეთებს იმას, რაც ხელისუფლებისთვის საამებელია. ეს ინსტიტუტი დიდი ხანია არსებობს დ ძალიან კარგად ვიცი მისი ისტორია. ამიტომ ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი და უკეთესი იქნება,ბიზნესი აფინანსებდეს, რადგან მან უნდა დაიცვას ბიზნესის ინტერესები“, - ამბობს ცეზარ ჩოჩელი.

ბიზნესომბუდმენის ინსტიტუტის ეფექტიანობაზე საუბრისას, bm.ge-მ ცეზარ ჩოჩელს ჰკითხა - მისი შეფასებით, 5 ბიზნესომბუდსმენიდან, ვინც 2011 წლიდან დღემდე ჰყოლია ქვეყანას, რომელი იყო ყველაზე ეფექტიანი.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი გადასახედიდან ყველაზე ძლიერი და დადებითი ბიზნესომბუდსმენი იყო გიორგი გახარია... ვფიქრობ, ის პიროვნულად იყო ძლიერი. თან ახალი შემოსული იყო პოლიტიკურ თუ ბიზნეს წრეებში და არც იმას გამოვრიცხავ, რომ უნდოდა, საზოგადოებისთვის თავისი პოტენციალი დაენახებინა, თუ რა შეეძლო მას. ყოველ შემთხვევაში, სხვებთან შედარებით, მე მას როგორც ბიზნესომბუდსმენს ცალსახად მივანიჭებდი უპირატესობას. გახარიასთან კომუნიკაციის შემდეგ შედეგი, რა თქმა უნდა, მქონდა. მაშინ 10-15 ადამიანი იყო, ვისაც ვიცნობდი იმ სტრუქტურაში. იყო შემთხვევები, როდესც ღამის 2-3 საათამდე იხილავდნენ, ამა თუ იმ ქეისებს და ცდილობდნენ, მაქსიმალურად დახმარებოდნენ ბიზნესს“, - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.