მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მძიმე დღე აშშ-ისა და ბრიტანეთის ბირჟებისთვის - კორონავირუსის ეფექტი

5e6b445c0c5a0
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.20 12:42
1692
გლობალური საფინანსო ბაზარი 12 მარტის ვაჭრობის შედეგად კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის.

აშშ-ის, ევროპის, აზიისა და ავსტრალიის საფონდო ბირჟებზე პანიკური ვაჭრობის შედეგად დანაკარგი ასობით მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს 1987 წლის 19 ოქტომბრის “შავი ორშაბათის” შემდეგ, ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნაა.

აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების დანაკარგები ასეთია: Dow Jones-ის ინდექსი ვარდნა 10%; S&P 500-ის ინდექსი 9.5%-ით შემცირდა, Nasdaq-ის ინდექსი კი 9.4%-ით დაეცა. ვაჭრობის დაწყებიდან მალევე, S&P 500 7%-ზე მეტად დაეცა, რასაც უოლ სტრიტზე დამცავი მექანიზმის ჩართვა და ვაჭრობის დროებით გაჩერება მოყვა. ეს მიმდინარე კვირაში ვაჭრობის შეჩერების უკვე მეორე შემთხვევაა.

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კომპანიების აქციების მკვეთრი გაუფასურება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ევროპასთან, კონკრეტულად კი შენგენის ზონასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადებას მოყვა. საღამოს აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა (FED) ბირჟაზე მიმდინარე ანომალიური ვარდნის შესაჩერებლად და ვითარების დასასტაბილურებლად ეკონომიკისთვის დამატებით 1.5 ტრილიონი აშშ დოლარის რესურსის მიწოდების შესახებ გააკეთა განცხადება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით დაძაბულობით დაიწყო - ორ ქვეყანას შორის შეთანხმების მიუღწევლობას, გლობალურ ბაზარზე ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულების 30%-იანი შემცირება მოყვა, რაც 1991 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა იყო. 9 მარტს ამ მოვლენას, გლობალურ საფინანსო ბაზრებზე წამყვანი ინდექსების 7-8%-იანი ვარდნა მოყვა.

გუშინ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ვარდნა განიცადა ლონდონის საფონდო ბირჟის წამყვანმა FTSE 100-ის ინდექსმა და ის 10.87%-ით შემცირდა. გერმანიის წამყვანი Dax-ის ინდექსი კი 12.24%-ით შემცირდა.

გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენები საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიებისთვისაც მძიმედ აისახა. 12 მარტს ქართული კომპანიების აქციების ფასი ასე შეიცვალა:

  • "საქართველოს ბანკის ჯგუფი" (BGEO) - აქციების ღირებულების ვარდნა 14.31%; 
  • "საქართველოს კაპიტალი" (CGEO) - აქციების ვარდნა 6.9%; 
  • "თიბისი ბანკის ჯგუფი" (TBCG) - აქციების ვარდნა 2.56%; 
  • საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) - აქციების ვარდნა 7.77%.