18.დეკემბერი .2019 00:18

ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობები 2019 წელს - Trip Advisor-ის რეიტინგი

views 397
უკან

Trip Advisor-მა გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობების რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც 2019 წელს ყველაზე მეტი ტურისტი მასპინძლობდა.  

1. კოლიზეუმი, რომი, იტალია
რეიტინგის ლიდერი, უკვე მეორე წელია რომში მდებარე კოლიზეუმი და ექსკურსიაა გლადიატორების არენაზე. სტატისტიკის თანახმად, იტალიაში ჩასულ ვიზიტორთა უმეტესობა, ამ სანახაობის გარეშე ქვეყანას არ ტოვებს, რიგები კი ღირსშესანიშნაობასთან მუდმივად მზარდია.

2. ლუვრი, პარიზი, საფრანგეთი
რიგით მეორე ლუვრია. მისი ნახვის სურვილი ბევრი მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის თავად შენობის დიზაინით და მასში განთავსებული ხელოვნების ნიმუშების საუკუნოვანი კოლექციით, თუმცა, მაინც მთავარი სანახაობა, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზაა“, რომლის სანახავადაც, ტურისტები უზარმაზარ რიგში დგანან ყოველდღიურად.

3. ვატიკანის მუზეუმი
სამეულში მოხვდა ვატიკანის მუზეუმიც, სადაც ტურისტები არა მხოლოდ ხელოვნებას ეცნობიან, არამედ რომის პაპთან შეხვედრასაც ახერხებენ ყოველკვირეული აუდიენციის ფარგლებში.

4. თავისუფლების ქანდაკება, ნიუ-იორკი, აშშ
თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში კი, წელს მეოთზე პოზიციაზეა. ნეოკლასიკური ქანდაკება აშშ-ში ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა და ყოველდღიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს.

5. ეიფელის კოშკი, პარიზი, საფრანგეთი
რეიტინგის ხუთეულშია პარიზის ეიფელის კოშკი, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება ქალაქის, ამიტომაც აქ მოგზაურობისას ამ სანახაობის გამოტოვება, როგორც ტურისტები ამბობენ, იგივეა ზღვის სანაპიროს ესტუმრო და წყალში არ შეხვიდე. თუმცა, ეიფელის კოშკი წინა წლებში ლიდერ პოზიციებს იკავებდა, წელს კი მეხუთე ადგილას დასახელდა.

6. საგრადა-ფამილია, ბარსელონა, ესპანეთი
კიდევ ერთი ყველაზე მონახულებადი ღირსშესანიშნაობა ბარსელონაში მდებარე საგრადა-ფამილია, იგივე „წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარია“. ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო, გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო.

7. ფრანგული კვარტალი, ახალი ორლეანი, აშშ
ფრანგული კვარტალი - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ისტორიული ადგილია, რომელიც ევროპელებმა ლუიზიანას შტატში შექმნეს და ეროვნულ სიმბოლოდაც იქცა. მთავარი სანახაობა კი აქ, ბურბონ-სტრიტი, კანალ-სტრიტი, ჯექსონის მოედანი და წმინდა ლუდოვიკოს ტაძარია.

8. ანა ფრანკის სახლ-მუზეუმი, ამსტერდამი, ნიდერლანდები
ანა-ფრანკის სახლ-მუზეუმი ეს სწორედ ის სახლია, სადაც ანა ფრანკი და მისი ოჯახი იმალებოდა. აქ დაიწერა ანა ფრანკის დღიურები, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიო ბესთსელერად იქცა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. აქ მოგვითხრობენ გოგონას ამბავს, რომელიც დაიბადა გერმანიაში და ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, გადავიდა ნიდერლანდებში ოჯახთან ერთად. ნაცისტების მიერ ამ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, ანა ფრანკის ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში თავს აფარებდა ამსტერდამის ერთ-ერთი შენობის სარდაფს. 1944 წელს მათი თავშესაფარი ჰოლანდიის პოლიციამ და გესტაპომ აღმოაჩინა. ანა ფრანკი და მისი უფროსი და ბერენგ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ანა 15 წლის ასაკში გარდაიცვალა.

9. Willis Tower, ჩიკაგო აშშ
ვილის თაუერი შეერთებული შტატების მეორე ყველაზე მაღალი შენობაა ნიუ – იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შემდეგ. მისი სიმაღლეა 443 მეტრი, ხოლო სართულების რაოდენობა 108. გარდა ამისა, უილის კოშკი ცნობილი გახდა ორიგინალური სანახავი პლატფორმის წყალობით. Willis Tower Skydeck Chicago- ის სადამკვირვებლო გემბანი დიდი ხანია ქალაქში დამოუკიდებელი ღირშესანიშნაობა გახდა, ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი შენობაა.

10. სან-მარკოს მოედანი, ვენეცია, იტალია
ვენეციის გული სან-მარკოს მოედანია, რომელიც პატარა სივრცეა, თუმცა მთელი კვირაც კი დასჭირდება მის შესწავლას. მთავარი სანახავი, ქალაქის მფარველის სან მარკოს სახელს ატარებს - ბაზილიკა, უდიდესი ბიბლიოთეკა უიშვიათესი ხელნაწერებით, კოლონა ფრთიანი ლომით, სამლოცველო კოშკი და კიდევ არაერთი სანახაობაა თავმოყრილი მოედანზე, რომელიც Trip Advisor-ის რეიტინგში მეათე პოზიციაზე დასახელდა.