მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაზე ნაკლებად სკამის დაკარგვის მეშინია“ - რაზე იკამათეს ხაზარაძემ და კაკაურიძემ

6166a476bf191
ინგა მურუსიძე
13.10.21 14:44
1783
„წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას ანტივაქსერების შეეშინდა და ვაქცინაციისთვის არანაირი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარდა“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე მსჯელობდნენ და ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს რამდენიმე კითხვა დაუსვეს. 

„როცა ფინანსებს განკარგავთ, პასუხისმგებელი უნდა იყოთ მის შედეგებზე. რატომ გიჭირთ იმის თქმა, რომ ამხელა დაფინანსების პირობებში, რომელიც სახელმწიფომ ვალად აიღო, ვაქცინაციის პროგრამა თქვენივე გუნდის მეორე მხარემ „ჩააფლავა“. თქვენ ხარჯავთ თანხას, რომელსაც ჩვენი მოქალაქების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შედეგი არ აქვს.

თუ ამას ხმამაღლა არ ამბობთ, ე.ი. სკამის დაკარგვის გეშინიათ, ხოლო თუ ამას აღიარებთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხართ პროფესიონალი და არ გეშინიათ სიმართლის თქმის. ვაქცინაცია მხოლოდ დოზების შემოტანა არ არის. არანაირი საინფორმაციო კამპანია არ ჩატარდა, რადგან ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ანტივაქსერების შეეშინდა. რთველის სუბსიდირებაში ხარჯეთ ფული და ახლა არჩევნების შემდეგ, ამ მიმართულებით თანხებს ამცირებთ იმ ფონზე, როცა ღვინის ფასი ლიმონათის დონეზე ჩამოიყვანეთ“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ გიორგი კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე არ დაეთანხმა დეპუტატის შეფასებას იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციის თანხები გაიფლანგა. გიორგი კაკაურიძის თქმით, თანხებით შეძენილია ვაქცინები.

„ყველაზე ნაკლებად რისიც მეშინია, სკამის დაკარგვაა. თანხები გაფლანგული არ არის, ქვეყანაში დევს ვაქცინები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, რომ მოსახლეობის 60% აიცრას.

გაფლანგვა ნიშნავს იმას, რომ თანხები არასწორად იხარჯება და შედეგს ვერ მიიღებ, ეს თანხები გაფლანგული არ არის, ვინაიდან მიმართულია ვაქცინების შესყიდვაზე. მაქსიმალურად მეტი აქტივობაა საჭირო, რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს პროგრამაში და აიცრას. სამწუხაროდ, ბევრი ანტივაქსერი არსებობს, არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერა ვაქცინის. მათი გადასაწყვეტია. ვერ ვაიძულებთ აიცრან, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები, რომ ადამიანებმა აცრა გადაწყვიტონ“, - უპასუხა გიორგი კაკაურიძემ მამუკა ხაზარაძეს.