29.თებერვალი .2020 19:00

ყვითელ მიკროავტობუსებს დეზინფექცია ჩაუტარდება

views 571
უკან

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" თბილისის მერიის დავალებით მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას სთავაზობს.

როგორც bm.ge-ს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს, უახლოეს მომავალში დეზინფექცია ჩაუტარდება მიკროავტობუსებს ისე, რომ არ მოხდება მგზავრთა გადაყვანის შეფერხება.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს.

იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომ მოხდეს დაუყოვნებლივ სატრანსპორტო საშუალებების დასასუფთავებლად საჭირო ხსნარების მარაგების შევსება.

თბილისის მიკროავტობუსის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მიკროავტობუსები დეზინფექციის აუცილებელ პროცედურას უახლოეს პერიოდში დაიწყებს ისე, რომ არ მოხდეს მგზავრთა გადაყვანის შეფერხება "-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.