08.აპრილი .2021 19:10

„ზაფხულის სეზონზე ავიაბაზარზე ოპერირებას რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს“ - აეროპორტების გაერთიანება

„ზაფხულის სეზონზე ავიაბაზარზე ოპერირებას რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს“ - აეროპორტების გაერთიანება
views 252
უკან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერ ვაკო ჭილაშვილის პროგნოზით, თუ მსოფლიოსა და საქართველოში შესაფერისი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება 2021 წლის ბოლომდე, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40%-45%-თაც კი აღდგება.

ამის შესახებ მან ვებინარზე განაცხადა, რომლის თემა COVID-19-ის გავლენა ავიაციაზე და სამომავლო პერსპექტივები იყო.

ვაკო ჭილაშვილის თქმით, მარტში საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარულ ოპერირებას 17 ავიაკომპანია ახორციელებდა, პირდაპირი ავიამიმოსვლა კი 18 მიმართულებით ხორციელდებოდა. ამ მიმართულებებს ზაფხულის სეზონზე კიდევ 27 მიმართულება დაემატება.

,,გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ზაფხულში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას რამდენიმე ახალი ავიაკომპანია დაიწყებს, იმედი გვაქვს, რომ თუ მსოფლიოსა და საქართველოს ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, 2021 წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტების მგზავრთნაკადი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40%-45%-თაც კი აღდგეს“, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და სტაბილურად მზარდი სექტორი იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა. ICAO-ს მონაცემებით 2010-2019 წლების პერიოდში გლობალურ ჭრილში საავიაციო ინდუსტრიის ზრდამ 60% შეადგინა, 2019 წელს გლობალურმა ზრდამ 4.9%-ი შეადგინა, ევროპის საავიაციო ბაზრის ზრდა კი 6.6%-ის დონეზე დაფიქსირდა.

,,საქართველოს საავიაციო ბაზარი - 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 15%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ. გლობალური ტენდენციებისგან განსხვავებით, კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენცია შეინიშნებოდა საქართველოს ავიაბაზარზე, 2019 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა 5.2 მლნ შეადგინა. შესაბამისად, 2010 წელთან შედარებით ზრდამ 640%-ი შეადგინა. თუმცა 2020 წლის COVID-19-ის პანდემიამ როგორც 2020, ასევე 2021 წლის მოლოდინები შეცვალა.

COVID-19-ით განპირობებულმა სიტუაციამ ავიაციაზე ასახვა ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარ-თებერვლიდან დაიწყო, როდესაც COVID-19-ის გავრცელების ფონზე რიგი ავიარეისების გაუქმდა. მარტიდან კი სახელმწიფოებმა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესება დაიწყეს. მიუხედავად მკაცრი და მყისიერი შემზღუდველი ზომებისა, საავიაციო ინდუსტრიის მოლოდინები პანდემიასთან სწრაფი გამკლავების სცენარზე იყო დამყარებული. სრული ჩაკეტვის პირველ თვეში (2020 წლის აპრილს) მთელი მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების ყოველთვიური მოცულობა საშუალოდ 460 მლნ ადგილიდან 150 მლნ-მდე შემცირდა.

პანდემიამ ყველაზე მეტად ევროპის საავიაციო ინდუსტრია დააზარალა. ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი 91%-იანი კლება ევროპის საავიაციო ბაზარმა განიცადა, რომელიც განპირობებული იყო უფრო მკაცრი შეზღუდვებით, ვიდრე ეს სხვა კონტინენტებზე დაფიქსირდა”, - თქვა ჭილაშვილმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა