მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზაფხულის ტურისტული სეზონი გაფუჭებულია“ – Caucasus Travel-ის დამფუძნებელი

61016e371b7d1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 21:20
2347
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე არსებული რეგულაციების, მათი აღსრულების მექანიზმებისა და გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ზაფხულის ტურისტულ სეზონს ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი გაფუჭებულია.

გადაცემა „საქმის კურსში“ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რეალურად 2020 წელს სექტორისთვის დაწესებული რეგულაციების აღსრულებას არავინ აკონტროლებდა და დღეს რეგულაციების დაცვა ტურისტულ სეზონს ვეღარ უშველის.

„ტურიზმის 2019 წელთან შედარებაზე შეგვიძლია ხელი ავიღოთ, რადგან ეს ცა და დედამიწაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესი პრაქტიკულად არ გვაქვს, ან ექსპერიმენტულ ნიშნულზე გვაქვს, როდესაც 1 000-ის მაგივრად 10-ზე ვლაპარაკობთ.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოგზაური და გაქვთ მოგზაურობის საშუალება, არანაირ ლოგიკაში არ ზის ის, რომ წითელი ზონის ქვეყანაში გადაწყვიტოთ მოგზაურობა, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდანაც, რომლებსაც მოგზაურობა ეიოლებათ და ა.შ.

რეგულაციების აღსრულება, რომელიც 2020 წელს იქნა მიღებული სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის და ა.შ. არავის უცდია. აქედან გამომდინარე ყველაფერი დანარჩენი უნდა წარმოვიდგინოთ. ვფიქრობ, რომ რეგულაციები ამ სეზონს აღარ უშველის. ეს სეზონი ბაზრების მიხედვით რიგ შემთხვევაში 0-5%-ზე, რიგ შემთხვევაში კი 15-20%-მდე მაჩვენებელზე იქნება. ესეც ალბათ ისეთი ბაზრების შემთხვევაში როგორიცაა აღმოსავლეთი ევროპა, მეზობელი ქვეყნები და ა.შ. მაგრამ ეს ნამდვილად არ ეხება ისეთ ბაზრებს, როგორიცაა დასავლეთ ევროპა, იაპონია და მაღალი ხარჯვის უნარიანი სტუმრები. ნუ დავაბრალებთ მხოლოდ ჩვენს მდგომარეობას, რადგან იქაც ეპიდვითარების მიუხედავად, არავინ მიისწრაფვის ისე შორს და წითელ ქვეყანაში წასვლისკენ, როგორიც საქართველოა. ფაქტობრივად აგვისტოს რეზერვების ნაწილი გადააქვთ, ნაწილი კი უქმდება. გადატანილი ჯავშნებიც უქმდება ხოლმე. ჩვენი კომპანიის მაგალითზე არ ველით რომ 2019 წლის მაჩვენებლების 5%-ზე მეტი დატვირთვა გვექნება“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.

მისთვის გაუგებარია ზამთრის სეზონის ჩაგდება და ხელისუფლების მიერ ჯარიმებზე გამოცხადებული ამნისტია, რომელიც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

„ზამთრის სეზონის ჩაგდება და ის რაც გავაკეთეთ, დიდი შეცდომაა. რა დასკვნა გამოვიტანეთ ამ ყველაფრიდან - ვერაფერი.. არგუმენტი რომ ზაფხულში უკეთესად ვყოფილიყავით, დემაგოგიურია. ზაფხულსა და ზამთარს შორის დიდი მანძილია, გაზაფხულზე კიდევ ვითომ ჭკუასთან მდგომი ნაბიჯები იდგმებოდა, მაგრამ რეალობა დავამთავრეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებით - იმის გამო რომ გვინდა ვაამოთ საზოგადოებას მეორე ხელით საწამლავი მივუტანეთ და ეპიდემიოლოგიური წესრიგის დარღვევის საშუალება მივეცით. ამნისტიას ვგულისხმობ.

ამასთან, არ ვართ ვაქცინირებული. ადამიანებს, რომ ვცრით, ამასაც ხომ დრო უნდა - ახლა რომ ვაქცინას გაიკეთებ და მეორე დოზა სამ კვირაში უნდა გაიკეთო, შედეგს კიდევ 3 კვირა უნდა ელოდო და მორჩა ეს ზაფხული. ასე რომ სეზონი გაფუჭებულია. ჩვენი სანუკვარი ბაზარი, რომელიც მაღალშემოსავლიანია და მაღალი ხარჯვისუნარიანი ევროპელი და დასავლელი ტურისტების მოწვევა იყო, ისიც წყალში ჩაგვეყარა და ისინიც პრაქტიკულად არ არიან, თუ არიან ალბათ 1%“, - განმარტა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა.